საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს აიტი კომპანია “ZAG”-ის ოფისში, სადაც პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2017 წლიდან მუშაობდა. გამომძიებლები სწავლობენ კომპანიის ოფისში არსებულ კომპიუტერებს. მათ შორის მიმოწერებს, რომლებიც შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილს თანამშრომლებთან ჰქონოდა.
როგორც ცნობილია 23 წლის გოგომ სამსახური გაურკვეველი მიზეზით გაუჩინარებიდან ორი დღით ადრე დატოვა. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ვერსია, რომ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის საქმიანობას უკავშირდება. ეს ეჭვია აქვთ ოჯახის წევრებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ მათი შვილი არ ამხელდა სად მდებარეობდა მისი სამსახური, ან რა საქემიანობას ეწეოდა. თუმცა კომპანია “ZAG”-ში კატეგორიულად უარყოფენ, რომ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება შესაძლოა მის სამსახურს უკავშირდებოდეს. კომპანიის დირეტორი ამბობს, რომ 23 წლის გოგომ ხელმძღვანელობას გათავისუფლების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, მიზეზად კი დაასახელა, რომ სწავლის გაგრძელება სურდა და პარალელურად ორ სამსახურში ვერ იმუშავებდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ თამარი ბოლოს თანამშრომლებისთვის ონლაინ სისტემის შექმნაზე მუშაობდა.
შპს “ZAG”-ი, რომელიც პროგრამული პაკეტების შედგენაზე მუშაობს 2015 წელს დაარსდა. კომპანიაში 50-მდე თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ “ZAG”-ის საქმიანობის სფერო კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში საკონსულტაციო საქმიანობაა, კომპანიას ვებ საიტიც კი არ აქვს. როგორც განმარტავენ მუშაობენ ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებულ შტატებზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ აქვთ.
ამოუხსნელი გაუჩინარების კიდევ ერთი ამოუხსნელი მომენტი თამარ ბაჩალიაშვილის მეორე სამსახურია. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გარდაცვლილი კომპანია “ZAG”-ის გარდა, სხვა სამსახურშიც მუშაობდა, თუმცა მის შესახებ არავინ არაფერი იცის. სოციალურ ქსელ LINKEDIN-ზე ბაჩალიაშვილს “ZAG”-ის გარდა სამუშაო ადგილად მხოლოდ ერთი, ავსტრიული კომპანია “SPRYFLASH” აქვს მითითებული, რომლის მთავარი სერვისიც მაღალი ხარისხით დაწერილი კოდებით შექმნილი კომპიუტერული პროგრამებია. კომპანიის LINKEDIN-ის და FACEBOOK-ის გვერდზეც ბოლო აქტივობა ერთი წლის წინ ფიქსირდება.