“ქართული ოცნების” წარუმატებლობის ფორმულა – ოპოზიცია “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებზე (20.07.2020)

“ქართული ოცნების” მოქმედი და ყოფილი სახეებით დაკომპლექტებული მაჟორიტარი კანდიდატების შემადგენლობა ოპოზიციას მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ მმართველ პარტიას ხალხისთვის ახალი სათქმელი არაფერი აქვს. ყოფილი ჩინოვნიკებით და მდუმარე დეპუტატებით დაკომპლექტებული მაჟორიტარების სია, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ბიძინა ივანიშვილის წარუმატებლობის ფორმულაა. სწორედ ამიტომ საპარლამენტო ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ კანდიდატების შერჩევის მიზეზი არა მათი კომპეტენცია, არამედ უსიტყვო მორჩილებაა. ივანიშვილის გუნდის მიერ დაკომპელქტებული 30 კაციანი სია ოპოზიციას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხება გარდაუვალია.

“ქართული ოცნების” პრეზენტაციის შემდეგ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიებიც თვლიან, რომ 2020 წლის არჩევნებს ბიძინა ივანიშვილი წააგებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს განახლების რესურსი აღარ აქვს, ამიტომ უმჯობესია ხელისუფოლების გადაბარებაზე იზრუნოს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერისთვის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა  სევდიანი სანახაობა აღმოჩნდა. სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მსგავსად, ალეკო ელისაშვილმაც 30 კაციანი სიიდან ვერც ერთი ახალი სახე ვერ დაინახა. ამიტომ თვლის, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში უნდა დამარცხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

პარტია ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე კი რომელიც ისნის რაიონის მაჟორიტარობას აპირებს, დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები იწყება.

ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიზეზი გახდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაც, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, სადაც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაზე ისაუბრა. ოპოზიცია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი  არჩევნებში ბრძოლას ამჯერადაც ტრადიციული მეთოდებით და 9 წელზე საუბრით ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ კორონავირუსთან დაკავშირებით “ოცნების” ლიდერების განცხადებაზეც და თვლიან, რომ სწორედ მეტი დამაჯერებლობისთვის მიიწვიეს დღევანდელ პრეზენტაციაზე COVID-19-თან წარმატებით მებრძოლი ექიმები. “ლეიბორისტული პარტიის”ლიდერმა ივანიშვილს გაბანძებული კონკურენტიც კი უწოდა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სატელევიზიო დებატებში მიიწვია.

მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ “ქართული ოცნება” საარჩევნო კამპანიაში ერთვება. რა შანსები აქვს მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატებს ეს ოქტომბერში 2020 წლის არჩევნებზე გაირკვევა.