“ახალციხე ნიუსმა” ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ მმართველი გუნდის წევრი, ენზელ მკოიანი მოქალაქეს გადატენილი იარაღით მისდევს. პოლიცია ცდილობს, შეიარაღებული დეპუტატი და მისი თანხმლები პირები მიწოლით შეაჩეროს, თუმცა მკოიანს ვერ იმორჩილებს. რის შემდეგაც, დეპუტატი პოლიციას ყელში წვდება და ასე იშორებს, სამართალდამცველი მას ვერც იარაღს ართმევს და გვერდით იწევა. ჩანაწერის წარწერის მიხედვით, ეს კადრები 2020 წლის 26 მარტს არის გადაღებული, როცა მკოიანის სახლთან სროლა იყო. მაშინ ადგილობრივი გამოცემები წერდნენ, რომ იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს და ამას მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ სამველ პეტროსიანს შორის დაპირისპირებას უკავშირებდნენ. მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. თუმცა რა ეტაპზეა საგამოძიებო უწყება ამ დრომდე უცნობია.