პარლამენტმა მთავრობას პანდემიის მიზეზით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება გაუხანგრძლივა (14.07.2020)

მთავრობას კორონაპანდემიის მიზეზით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგძლივდა.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მიხედვით, ხელისუფლებას შეზღუდვების ამოქმედება,  საგანაგებო მდგომარეობის გარეშე, მხოლოდ 15 ივლისამდე შეეძლო, თუმცა დღევანდელი გადაწყვეტილებით, “ქართულ ოცნებას” ეს უფლება 2020 წლის ბოლომდე მიეცა. ოპოზიცია ამ ცვლილებების მიმართ ისევ კრიტიკულია. ამბობენ, რომ ეს  წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის კონტროლის მცდელობაა. ცვლილებები პარლამენტში  დღეს მწვავე დებატების  მიზეზი გახდა. მას მხარს არ დაუჭირეს არც  დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. კანონმდებლების ნაწილს მიაჩნია, რომ კანონის ამ ფორმით მიღება პარლამენტის ფუნქციას აკნინებს. ოპოზიციის აზრით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ შესწორებით არა ხალხის ჯანმრთელობაზე, არამედ თავის პოლიტიკურ გეგმებზე ზრუნავს.

ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნება”-ში ამბობენ, რომ კანონის მოქმედების ვადის გახანგძლივების მიზანი ქვეყანაში სტაბილური ეპიდსიტუაციის შენარჩუნებაა, თუმცა ოპოზიცია ქვეყნის სტაბილურობის მომხრე არაა. კანონის პოზიტიურ მიზნებზე საუბრობს თავად ცვლილებების ავტორიც. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინში ხელისუფლების ხელში ამგვარი ბერკეტის ფლობა აუცილებელია, ოპონენტების კრიტიკა  კი მისი თქმით, ტრადიციული სპეკულაციაა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში განხორციელებული პირველადი ცვლილებების მიხედვით, მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლება მხოლოდ 15 ივლისამდე შეეძლო, თუმცა ამ ვადამ ახლა კიდევ 6 თვით გადაიწია. ოპოზიციონერი დეპუტატები კი შიშობენ, რომ არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლა გაიზრდება, ეს კანონი კი ხელისუფლებას სწორედ ამაში დაეხმარება.