გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზები დაინიშნა. მას შემდეგ რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით და ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებებიც აღენიშნებოდა, საგამოძიებო უწყებას დამატებითი ზომების მიღება დასჭირდა. ბიოლოგიური და მიკრონაწილაკური ექსპერტიზის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადგინოს, თუ ვინ მიაყენა ახალგაზრდა ფეხბურთელს დაზიანებები 18 ივნისის ღამეს და როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში. დამატებითი ექსპერტიზების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო გახმაურებულ საქმეზე, დაკითხვებსაც აგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკითხა ის ნახალოვკელი პირებიც, რომლებიც საბედისწერო ღამეს მცხეთის მიმართულებით მოძრაობდნენ. გიგა ბუცხრიკიძე მდინარე არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბესიკ გობეჯიშვილთან, სულხან ბაყაშვილთან და მიშა ბეშიძესთან ერთად იმყოფებოდა. თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ ისინი მცხეთაში მეგობრების ჩამოსაყვანად მიდიოდნენ. მუხრან ღურწკაია ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც გარდაცვლილ შაქარაშვილს და არც იმ გოგონას იცნობდნენ, რომლის დაბადების დღეც იყო.
რეზონანსულ საქმეს 17 ბრალდებული ჰყავს. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დარმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებასთან არაერთი ბრალდებულის როლი იკვეთება. ოჯახი განსაკუთრებით “ტოიოტა ქამრის” მგზავრების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ ავტომობილში მყოფი პირები დაედევნენ არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. დაკავებული მორაგბეების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან საერთო არაფერი აქვთ. შესაბამისად ბრალის დამძიმებასაც არ ელოდება. იურისტები ამტკიცებენ, რომ არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არაგვის ხიდთან საბედისწერო ღამეს მოზარდების კონფლიქტის გასანეიტრალებლად ჩავიდნენ, მათთვის უცნობი პიროვნება გუკა ამირხანაშვილი კი თბილისში დახმარების მოტივით ჩამოიყვანეს.
ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი და ბურუსით მოცული საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს სახალხო დამცველი. პროკურატურამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ომბუდსმენის აპარატთან ითანამშრომლოს. მანამდე კი ნინო ლომჯარია გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და დაკავებულ პირებს შეხვდა. ომბუდსმენი მასალების შესწავლის შემდეგ, საზოგადოებას საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და შეფასებებს გააცნობს.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში. გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა საგამოძიებო უწებას დამნაშავეების დასასჯელად 2 კვირიანი ვადა მისცა.