8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მედიების მფლობელების წინააღმდეგ, სასამართლოს დამოუკიდებლობა და 20 ივნისის მოვლენები – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა პირველი კენჭისყრით დაამტკიცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესული რამდენიმე შესწორება, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მედიის თავისუფლების შესახებ ჩანაწერიც შევიდა. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას არ ჩაერიოს მედიის თავისუფლებაში და არ აღძრას პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მედიების მფლობელების წინააღმდეგ. ანგარიშში საუბარია 8 მარტის შეთაბნხმებაზეც. ევროპარლამენტარები მიესალმებიან პრეზიდენტის მიერ ორი ოპოზიციონერი ლიდერის შეწყალებას, თუმცა მოუწოდებენ ყველა პარტიას პატივი სცეს შეთანხმებას და შეასრულოს მისი ყველა ასპექტი.
ევროპარლამენტარების ანგარიშს არაერთგვაროვნად აფასებენ თბილისში. ევროპელი კანონმდებლების მიერ მომზადებული შესწორებები ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ისევ სხვადასხვაგვარად წაიკითხეს. ოპოზიციაში ყურადღებას 8 მარტის შეთანხმებაზე ამახვილებენ და აღნიშნავენ, რომ შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის და პოლიტიკური დევნა ისევ გრძელდება.
მმართველ გუნდი კი ოპონენტებს ინტერპრეტაციაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. “ქართული ოცნების” დეპუტატები აცხადებენ, რომ დოკუმენტში შესულ შესწორებებში არც პოლიტპატიმრებზეა საუბარი და არც გიორგი რურუას სახელია ნახსენები.
მმართველი გუნდის განცხადებების შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, თუკი ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას არ გულისხმობენ, მაშინ შეთანხმების რა ასპექტი დარჩა შეუსრუყლებელი. ბესელია “ქართული ოცნებისგან” ამ საკითხზე განმარტებას ელოდება.
შესწორებულ ანგარიშში 20 ივნისის მოვლენებზეც არის საუბარი. ევროპარლამენტარები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებასაც ითხოვენ. დოკუმენტში საუბარია დეზინფორმაციის კამპანიაზეც და ნახსენებია “კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის” გამო წაშლილი “Facebook” გვერდებიც. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ყველა აქტორს თავი შეიკავონ სოციალური მედიის გამოყენებით, ადამიანებზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე თავდასხმისგან.