უკვე რამდენიმე საათია მთელი ქვეყნის მასშტაბით აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. აბიტურიენტებს წელს გამოცდის ჩაბარება განსხვავებულ რეალობაში უწევთ. თითოეული აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში შესვლისას ჯერ თერმოსკრინინგს გადის, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შემდეგ კი საგამოცდო ოთახში ხვდება. საგამოცდო ცენტრებში დღეს არ დაიშვა ის ორი აბიტურიენტი, რომლებსაც მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აბიტურიენტებისთვის პირბადის გამოყენება ნებაყოფლობითია, რადგან საგამოცდო მაგიდებზე ე.წ დამცავი ფარებია დამონტაჟებული. საგამოცდო ცენტრებიდან გამოსული აბიტურიენტები ყვებიან, რომ წერის პროცესში გამორთული კონდიცირების სისტემა დისკომფორტის შემქნელი იყო, თუმცა თავად გამოცდის სირთულე მარტივად დასაძლევი.