19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვლავ ბევრი კითხვა არსებობს. მათ შორის საეჭვოა, საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენება. ფოტოგრაფი, რომელმაც მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში საბედისწერო ღამეს პოლიცია გამოიძახა მომხდარის დეტალებს იხსენებს. იაკობ ბრეგვაძე ყვება, რომ სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდნენ და ტერიტორიაც ისე დატოვეს, რომ კონფლიქტის შესახებ დეტალები არ გაურკვევიათ. იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან გულგრილობა რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით – თემაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ისაუბრა. გიორგი გახარია აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვონ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭის კვალი სწორედ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგებოდა. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავეს, თუმცა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, უწყება არ გამორიცხავს, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება კიდევ დამძიმდეს.
მთავარი მტკიცებულება, რომელიც ბურუსით მოცულ საქმეში დევს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოა, სადაც შაქარაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთებია აღბეჭდილი. გამოძიების ვერსიით, მცხეთაში, აგარაკზე მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზაა და მცხეთაში რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი სწორედ აქ იკარგება. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი მეგობარი, გუკა ამირხნაშვილი დანაშაულში მხილებულმა პირებმა იპოვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.