გავრცელებული ინფორმაციით კომპანიამ კუთვნილი 5 თვითმფრინავი, რომლებიც 40-მდე მიმართულებით დაფრინავდნენ ქუთაისის ბაზიდან უკვე გაიყვანა. ბაზის შესაძლო გაუქმებას თავად Wizz Air არც ადასტურებს და არც უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზრდება, ქუთაისიდან ფრენებს აღადგენენ. კომპანიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მზად არიან დაამატონ ახალი მიმართულებებიც, მას შემდეგ რაც საქართველოში რეგულარული ფრენები აღდგება.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ Wizz Air საქართველოდან არ გადის და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ბაზის გაუქმება ტექნიკური საკითხია და ეს არ ნიშნავს რეისების შეწყვეტას. მინისტრის განმარტებით საუბარია ხომალდების გადაჯგუფებაზე, რასაც კომპანია ფინანსების დაზოგვის მიზნით ახორციელებს.
Wizz Air-ის ბაზის შესაძლო გაუქმების საკითხს გამოეხმაურა ოპოზიცია. მათი თქმით, ეს არის ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირი გავლენა, მთავრობის საზიანო გადაწყვეტილებამ მოახდინა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს გახსნას საზღვრები და აღადგინოს რეგუალრული ფრენები ავროკავშირთან.
როდის აღდგება რეგულარული ავიამიმოსვლა ისევ უცნობი რჩება. ევროკავშირმა გუშინ 15 ქვეყანას და მათ შორის საქართევლოს საზღვრები უკვე გაუხსნა, თუმცა უცნობია გახსნის თუ არა საქართველოს ხელისუფლება საჰაერო სივრცეს ევროპის იმ ქვეყნებთან სადაც პანდემიის კუთხით შედარებით უსაფრთხო გარემოა.