1 ივლისიდან ევროკავშირი 15 ქვეყანას საზღვრებს უხსნის. ოპოზიციის ინფორმაციით უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა, თუმცა ხელისუფლება საჰაერო სივრცის გახსნას არ ჩქარობს და ავიამიმოსვლის აღდგენას ივლისის ბოლომდე არ აპირებს. სწორედ ამიტომ “ქართული ოცნების” ოპონენტები თვლიან, რომ საქართევლოს მთავრობის პოზიცია გაუმართლებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გამო მოქალაქეები რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდნენ. “ევროპული საქართველო” მოუწოდებს მთავრობას მიიღოს ევროკავშირის შემოთავაზება და აღადგინოს რეგულარული ფრენები თუნდაც იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა.
საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ევროკავშირს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საქართველოს მთავრობა ოფიციალურ დოკუმენტს ელოდება. დავით ზალკალიანი იმედოვნებს, რომ 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის საქართველოც იქნება. მინისტრის თქმით ევროკავშირისგან ელოდებიან იმ რეგულეციების ჩამონათვალსაც, რომლის დაცვაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მოუწევთ.
ეკონომიკის მინისტრიც აცხადებს, რომ საქართველო უსაფრთხოების კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს იმისთვის, რომ ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდეს. ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართელოს მთავრობა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას და ფრენების სტიქიურად აღდგენას არ აპირებს, მაშინ როდესაც მსოფლიო მეორე ტალღის მოლოდინშია.
როდის აღდგება საერთაშორისო ფრენები – ევროკავშირის გადაწყვეტილება დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ იმსჯელებს საქართველოს მთავრობა გახსნის თუ არა საჰაერო სივრცეს ევროპის იმ ქვეყნებთან სადაც პანდემიის კუთხით შედარებით უსაფრთხო გარემოა.