რატომ შეუჩერა თეა წულუკიანმა ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა – მინისტრს პარლამენტში იბარებენ

იუსტიციის სამინისტრომ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა შეუჩერა. 24 ივნისით დათარიღებულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს გენერალური ინსპექციის უფროსი აწერს, ნათქვამია, რომ დისციპლინური წარმოების მიზეზი – შენგელიას მიერ დაწერილი “ფეისბუქ” პოსტები გახდა. ირკვევა, რომ  თეა წულუკიანის უწყება ბოლო ერთი თვის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა შენგელიას ინტერნეტ აქტივობებს და საბოლოოდ, მის საქმიანობაში კანონდარღვევის კვალი დაინახა. ბაჩანა შენგელია თვლის, რომ მომხდარი ხელისუფლების შურუსძიებაა, რადგან მან გაბედა და დედამისის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაიღო.

წულუკიანის ბრძანების საფუძველზე ბაჩანა შენგელია ახლა ვერც ბიუროს ამუშავებს და არც ის იცის შეძლებს თუ არა ოდესმე სანოტარო საქმიანობას გაგრძელებას. ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი მისი ამ საქმიანობიდან საბოლოოდ ჩამოშორებაა.

ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ დაწყებული  საქმის წარმოების გამო ოპოზიცია თეა წულუკიანს პარლამენტში იბარებს.  ამბობენ, რომ სახელმწიფომ მიზანმიმართულად შეცვალა კანონი და ამის შემდეგ შენგელიას  გენერალური ინსპექცია მიუგზავნა. ოპოზიციონერი ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ია კერძაიას შვილის მიმართ გამოტანილი ეს განაჩენი წულუკიანის პირადი შურისძიებაა.

ბაჩანა შენგელიას საქმის შესწავლა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და  საქმეში არაერთი საეჭვო გარემოება აღმოაჩინეს.  “ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია”-ში ამბობენ, რომ შენგელიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებამდე 1 თვით ადრე კანონში ცვლილება შევიდა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ცვლილებები სწორედ შენგელიასთვის მზადდებოდა. სულხან სალაძე გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებას არ გამორიცხავს.

სასამართლოში დავის დაწყებამდე  ბაჩანა შენგელიამ სიმართლე დისციპლინური კომისიის სხდომებზე უნდა დაამტკიცოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე საზოგადოების  ინტერესი მაღალია, შენგელია კომისიის წინაშე,  პირადად ვერ წარსდგება და საკუთარი არგუმენტების გაჟღერება მხოლოდ წერილობით მოუწევს.