საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 928 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი სამით გაიზარდა და 794 შეადგინა. ახალი ინფიცირებულებიდან ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე კი სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთ-ერთი ინფიცირებული თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში სულ 119 პაციენტი მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში კი 2809 ადამიანი რჩება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში შემოტანილი ინფექციის მთავარი წყარო სწორედ ტრაილერის მძღოლია. ამირან გამყრელიძის თქმით ამ დრომდე სულ 400-მდე მძღოლი გამოიკვლიეს, მათგან 30-მდე სატვირთოს მძღოლს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. გამყრელიძის ინფორმაციით ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანისთვის ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი ისევ ძალაში რჩება. მისი თქმით ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია, თუმცა მეორე ტალღის პრევეციისთვის რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ კორონავირუსმა გარკვეული მუტაცია განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი შესაძლოა მეტად გადამდები გახდეს. პაატა იმნაძის თქმით მათ ვისაც COVID-19-ი უკვე გადატანილი აქვს, შეიძლება მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს, რაც მისი შეფასებით საყურადღებოა. პაატა იმნაძემ ჩინეთში გავრცელებულ ახალ ვირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას პანდემიური პოტენციალი აქვს, თუმცა ადამიანიდან, ადამიანზე გადასვლის რისკი ნაკლებია.