უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა. დამოუკიდებელი ექსპერტის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის ცხედარზე ჩატარებული პირველადი შინაგანი ექსპერტიზით გიორგი შაქარაშვილს ძლიერი ფიზიკური ზემოქმედების კვალი დაუდასტურდა. თუმცა ეს ექსპერტიზის საბოლოო შედეგი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი შინაგან და გარეგან დაზიანებებზე საუბრობს, შაქარაშვილის ოჯახს უჭირს ივარაუდოს, არის თუ არა მოკლული ახალგაზრდა ფეხბურთელი.
მთავარი მტკიცებულება, რომელიც ბურუსით მოცულ საქმეში დევს, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოა, სადაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლის ბოლო წუთებია აღბეჭდილი. გამოძიების ვერსიით, მცხეთაში, აგარაკზე მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა, ანგარიშსწორების მიზნით ჯგუფური ძალადობა დააორგანიზაა და მცხეთაში რამდენიმე ავტომანქანით გაემგზავრა. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე კი ამ ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დროს, გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი სწორედ აქედან იკარგება. გამოძიების ვერსიით, შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით მდინარის კალაპოტის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი მეგობარი, გუკა ამირხნაშვილი დანაშაულში მხილებულმა პირებმა იპოვეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.
გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც “ინტერპრესნიუსმა” მოიპოვა, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე საბედისწერო ღამეს იხსენებს. არჩილ გაგნიძე ამბობს, რომ ამავე საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა მცხეთაში გაყოლა არა საჩხუბრად, არამედ ავტომანქანის წამოსაყვანად სთხოვეს, ვინაიდან თავად ნასვამები იყვნენ. სპორტსმენი ხიდის ეპიზოდზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათ 4 ახალგაზრდა (გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი) შეხვდა, რომელებიც “ტოიოტა ქამრის” გამოჩენისთანავე გაიქცნენ. როგორც ის ყვება, გაქცეულებს ფეხით, სწრაფი სიარულით გაჰყვა, თუმცა ვერც ერთი მათგანის კვალს ვერ მიაგნო. დაკავებული მორაგბის, ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი ხიდის ტერიტორიიდან გაქცევის შემდეგ არ უნახავთ.
არჩილ გაგნიძე საბედისწერო ღამეს იმ ავტომობილში იჯდა, რომელშიც გამოძიების ვერსიით რკინის ხელკეტით შეირაღებული პირები ისხდნენ. თუმცა ადვოკატი ამ ფაქტს უარყოფს. ალექსანდრე კობაიძე განმარტავს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მუშაობს. ეს კი მოწმეების შეცვლილი ჩვენებებით არის განპირობებული. მორაგბეების ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან საერთო არაფერი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ გახმაურებულ საქმეზე ბევრი კითხვა არსებობს, 17 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მათ შორის არის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომლის უფლებადამცველიც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გასაჩივრებას გეგმავს. ამისთვის კი მზად არიან, ევროსასამართლოს მიმართონ. სპორტსმენის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ტატიაშვილს კონფლიქტში არანაირი როლი არ უთამაშია და ის მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა.
გამოძიებიასთან კითხვები აქვს გახმაურებული საქმის ერთ-ერთი არასრულწოვანი ბრალდებულის ადვოკატსაც. გიორგი გელხაურის თქმით, ოქროს მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა საქმეში 4 ჩვენება მისცა, რომელიც ერთმანეთის საწინააღმდეგოა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდგეს გამოძიებას მტკიცებულებები არ გააჩნია, თუმცა ამის მიუხედავად მძიმე ბრალდება წაუყენეს.
ბრალდებულების ადვოკატებისგან საპირისპიროს ამტკიცებს იურისტი მზია ქასრაშვილი, რომელიც საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ინტერესებს იცავს. ქასრაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაყოლს იხსენებს და ამბობს, რომ გაქცეულ ახალგაზრდებს მუქარის შეძახილებით რამდენიმე ადმიანი მისდევდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია.
შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვახტანგ გომელაური გახმაურებულ საქმეს დღეს პირველად გამოეხმაურა, თუმცა საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა წინანსწარი შეფასებებისგან თავი შეიკავა. მინისტრი ამბობს, რომ დასკვნის შემდგომ გამოჩნდება რა მიმართულებით უნდა წავიდეს გამოძიება.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოების 11 საათზე აცნობა. სამაშველო სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყო. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭის კვალი სწორედ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგებოდა, იქვე ნახეს მისი კუთვნილი ნივთებიც. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავეს, თუმცა უწყება არ გამორიცხავს, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება კიდევ დამძიმდეს.