საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურებიან ის ელჩები, რომელთა დახმარებითაც 8 მარტს “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ელჩები წუხილს გამოთქვამენ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ელჩები ახლა ყურადღებას ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაზე ამახვილებენ.
“ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში” – ნათქვამია ელჩების განცხადებაში.