კორონა ვირუსზე მომზადებული სიუჟეტის გამო, საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში – სუს-ში ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაბარება გრძელდება. გამოძიება ამჯერად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებით ინტერესდება. სწორედ ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიბარეს დღეს სუს-ში ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა – “მთავარი არხის” ეთერში გასული სიუჟტი ნახა, სოც. ქსელში კითხვა დასვა – სჯერა თუ არა ვინმეს რომ სახელმწიფო COVID-19-ის სტატისტიკის გაყალბების გამო ფულს იხდის. სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კი ის უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით უწყება მიიღო რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემაც. ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში კომენტარი ნინო ჭელიძის სტატუსზე დაწერა. ის წერდა, რომ იცნობს ოჯახს, რომელსაც ოჯახის წევრის გარდაცვალების ცნობაში გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ ფული შესთავაზეს. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური საქმის კეთების ნაცვლად განსხვავებულ აზრს დევნის. ის აპირებს, რომ საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწოდოს.
სუს-ის მიერ დაწყებულ გამოკითხვებს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კრიტიკული და თავისუფალი მედიის დევნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სუს-ი სოციალურ ქსელში აზრის დაფიქსირების გამო ჟურნალისტების დაშინებას ცდილობს. ოპოზციის შეფასებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზეა გადასული.
“ქართული ოცნება” კი აქცენტს დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გაშუქებაზე აკეთებს და თვლის, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება საყურადღებოა. მმართველი გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ სუს-ის დანიშნულება უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და ადმაინების გამოკითხვაზე დაბარება, არა ვინმეს დაკავებას, არამედ ინფრომაციის მიღებას უკავშირდება.
“მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტში რესპონდენტები ყვებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ცნობაში, მიზეზად, კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ, 10 000 ლარს სთავაზობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოიკითხნენ მარნეულში მცხოვრები პირები.