ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და მწვავე კითხვებისთვის ემზადება. ხვალ პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრი კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. 20 ივნისის მოვლენების გამოძიება, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და 8 მარტის შეთანხმება- ეს ის თემებია, რომლებზეც საპარლამენტო ოპოზიციას კითხვები ექნება.
“ქართული ოცნების” შეფასებით, გიორგი გახარიამ ოპოზიციის ნაწილი ნოკაუტში უკვე ორჯერ ჩააგდო და პრემიერს ხვალაც ამომწურავი და ზუსტი პასუხები ექნება. მმართველი გუნდის შეფასებით, სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერი პარლამენტში საერთოდ არ მოდიოდა, ჩამოიშალა და გახარია პარლამენტში უკვე მესამედ მივა.
პრემიერ-მინისტრი ბოლო კვირების მანძილზე, საკანონმდებლო ორგანოში უკვე მესამედ მივა. 27 მაისს გიორგი გახარიამ კანონმდებლებს კოვიდ-ანგარიში წარუდგინა, 29 მაისს კი საკანონმდებლო ორგანოს ინტერპელაციის წესის ფარგლებში ეწვია. ხვალ კი დეპუტატები მთავრობის მეთაურის წლიურ ანგარიშს მოუსმენენ.