საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 914 გახდა. COVID-19 დაუდასტურდა ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის სიძეს. 45 წლამდე მამაკაცს საკარანტინო სივრციდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამ ეტაპზე მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება. დიდუბის ბაზარში მოვაჭრე 63 წლის ქალის კიდევ ორი კონტაქტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ეთნიკურ აზერბაიჯანელ შუახნის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურა, რის შემდეგაც ინფიცირებული თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჯერჯერობით ისევ უცნობია მისი ინფიცირების წყარო.
COVID-19-ის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი ქვეყანაში 129-ს შეადგენს. 24 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ინფიცირებული ყარაჯალელი ქალის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, ვინაიდან მას მძიმე პნევმონია აქვს და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს.
ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ქუთაისის ინფექციურ საავდმყოფოში. ამ დროისთვის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ამ დრომდე 44-მა პაციენტმა დაამარცხა. კვლავ ორი პაციენტი რჩება რუხის კლინიკაში.
გასულ დღე-ღამეში COVID-19 კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულთა რაოდნეობა 771-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 2744 ადამიანი, ხოლო ექიმები 258 პირს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 14 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.