უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა – ახალგზარდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნიდან 24 საათში გამოძიება პირველ განცხადებას აკეთებს. გომელაურის უწყებაში აცხადებენ, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას კიდევ ერთი, ძალადობის მუხლი დაემატა, რაც, სავარაუდოდ, საქმეში ახალი გარემოებების გამოვლენას უკავშირდება. სამართალდამცავები ახლა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ არავის მიმართ არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ საქმის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოძიებული საქმის მასალებით გარდაცვლილი ახალგაზრდის კონფლიქტში მონაწილეობა ამ ეტაპზე არ დგინდება. ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, საგამოძიებო უწყებისთვის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ცხედრის ექსპერტიზის შედეგებს ელოდება გარდაცვლილის ოჯახიც. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ გადაასვენეს, მას მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი პროცედურები უტარდებოდა, თუმცა აღმოაჩნდა თუ არა ცხედარს სიცოცხლეში მიყენებული რაიმე დაზიანება ამ დრომდე უცნობია. ცხედრის შესწავლის პროცესში უკვე ჩაერთო ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელმაც გვამის დათვალიერების პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღო. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, ექსპერტებს უკვე აქვთ პირველადი ინფორმაცია, თუმცა მას გარკვეული მიზეზების გამო ჯერ არ ასაჯაროებენ.
გამოძიების ფარგლებში გამოკითხულ ათეულობით მოწმეს შორის ძირითადად ის ახალგზარდები არიან, რომლებიც მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში გამართულ წვეულებას ესწრებოდნენ. არასრულწლოვნების უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები კონფლიქტში არ მონაწილეობდნენ, შესაბამისად, ისინი ახალგზარდა ფეხბურთელის გაუჩინარებასთან ან გარდაცვალებასთან არანაირ კავშირში არ არიან. დღეს გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს ის ორი მოწმეც, რომლებმაც ე.წ “ოქროს მოწმე” მანქანით თბილისში ჩამოიყვანეს და ერთ-ერთ მეტროსადგურთან ჩამოსვეს.
დაკარგული 19 წლის სპორტსმენი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა გუშინ, მდინარე არაგვში იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭის კვალი სწორედ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგებოდა, იქვე ნახეს მისი კუთვნილი ნივთებიც. 19 ივნისს მცხეთაში გამართულ წვეულებაზე დაწყებული უთნახმოება მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე ბიჭების ერთმა ნაწილმა დასახმარებლად მათ ნახალოვკელ მეგობრებს უხმო. საქმეში ფიგურირებს ორი ავტომობილიც, რომლებსაც ადვოკატების თქმით, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.