ოპოზიციის მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამართლიანია და ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს. – ამის შესახებ დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა მრჩეველმა მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. კარპენტერი თვლის, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს, რათა მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში გამართოს. ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მრჩეველი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების ორგანიზების ფაქტსაც გამოეხმაურა. მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ მისი შეფასებით საქართველოს უშიშროების სამსახურმა კარგად იმუშავა და ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო. კარპენტერის თქმით, ჟურნალისტის მკვლელობა რომ მომხდარიყო, საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა.
“ორივე მხრიდან ვხედავ დიალოგის გამართვისა და კომპრომისის მონახვის სურვილს. “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადაწყვიტა, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის უფრო სამართლიანი სისტემის ქონის საშუალებას იძლევა, თუმცა ამ ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც, ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდება და მე ამის იმედი მაქვს, ვფიქრობ, ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება. მე ვნახე ბატონი რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. რაც შეეხება ჟურნალისტის ლიკვიდაციის მცდელობას – სამწუხაროდ, კრემლს საკუთარი ქვეყნის გარეთ ადამიანების მოკვლის მცდელობის დიდი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში უნდა ვიზეიმოთ ის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გადამჭრელად იმოქმედა და ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეძლო. ჩანს, რომ დაზვერვა კარგად მუშაობს. სიმართლე გითხრათ, სიტუაცია ძალიან მყიფეა. ეს მკვლელობა რომ მომხდარიყო, საქართველოსთვის უდიდეს დესტაბილიზაციას გამოიწვევდა. თუ მართლაც არსებობს ამ პირსა და კრემლს შორის კავშირი, მაშინ ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი, რომ არამარტო მეზობელ ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში ცეცხლს ეთამაშება და სინამდვილეში უკონტროლოდ იქცევა. ეს კი ძალიან საშიშია. ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა”, – ამბობს კარპენტერი.