საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 908-მდე გაიზარდა. ორივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, პაციენტები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ბოლო დღეებია, ახალი ინფიცირებულების წყაროები ცნობილია, რაც დამამშვიდებელია. მარინა ეზუგბაიამ განმარტება გუშინდელ დადასტურებულ შემთხვევებზეც გააკეთა. მისი ინფორმაციით, 8 შემთხვევიდან ერთი ბოლნისის, ერთი კი მარნეულის კლასტერს მიეკუთვნება, ხოლო დანარჩენი 6 იმპორტირებულია.
გაორმაგებული პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს პრემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება და საქართველოს მოსახლეობას მეტი ყურადღება მართებს. გიორგი გახარიას თქმით, ვირუსის გავრცელების კონტროლის ის შედეგები, რომელიც ქვეყანას აქვს, უნდა შენარჩუნდეს.
კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს. 41 წლის ქალი კლინიკაში კარანტინიდან გადაიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკას ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტიც დატოვებს. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით შვიდი პაციენტია. ორი კოვიდ ინფიცირებული რჩება რუხის კლინიკაში. სულ რუხის კლინიკას 12 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
გაიზარდა კოვიდ 19-სგან განკურნებულთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში ინფექცია კიდევ 6-მა პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 761-ია. კარანატინის რეჟიმში 2662 ადამიანი რჩება, ხოლო ექიმები 255 პირს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.