ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინეს

ხანგძლივი განხილვების შემდეგ შეთანხმება მიღწეულია  – ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები წარადგინეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, ვაკეში – ელენე ხოშტარია, გლდანში კი ნიკა მელია იბრძოლებენ. გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გამარჯვებას ისანში გიორგი ვაშაძე, მთაწმინდაზე კი შალვა შავგულიძე შეეცდებიან. ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს მიღწეული შეთანხმება პარტიებმა ტაშით აღნიშნეს და თქვეს, რომ ოპოზიციამ მიღწეული შედეგით არჩევნებში გამარჯვება კიდევ უფრო გაიმარტივა. ოპოზიციური ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სწორედ დღეს, ამ შეთანხმებით დაიწყო.

საარჩევნო კამპანია  ოპოზიციონერმა ლიდერებმა უკვე დაიწყეს. “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეკრებილ მედიას დღეს საარჩევნო გეგმების ნაწილი წარუდგინეს. ამბობენ, რომ მზად არიან ამომრჩეველთან შესახვედრად. ოპოზიციონერი ლიდერები აღიარებენ, რომ სამთავრობო კანდიდატების წინააღმდეგ ბრძოლა რთული იქნება, თუმცა მათ მიერ დღეს წარმოდგენილი კანდიდატების გამარჯვებაში მაინც ცალსახად დარწმუნებულები არიან.

ოპოზიციური პარტიების მიერ დღეს მიღწეულ შეთანხმებაში ვერ მოხვდა თბილისის ორი ოლქი. კვლავაც უცნობია ეყოლება თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატები დიდუბეში და საბურთალოზე, თუმცა ირწმუნებიან, რომ შეთანხმება ამ საკითხზეც შედგება.  ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს არ გამორიცხეს, რომ ამ ორ ან დანარჩენ 32 ოლქში მაჟორიტარობა ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც სცადოს. დღევანდელ პრეზენტაციაზე ისიც ითქვა, რომ საარჩევნო სიაში შესაძლოა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ვიხილოთ.

მოუხედავად ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ერთობისა, უმრავლესობა ფიქრობს, რომ მათი ოპონენტები 2020 წლის არჩევნებში დამარცხდებიან. მამუკა მდინარეძე “ქართული ოცნების” გარდაუვალ მოგებაზეც საუბრობს და ოპონენტებს ურჩევს, მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის დაიწყონ.

არჩევნებამდე თითქმის 4 თვით ადრე  გაურკვეველი რჩება არჩევნების ჩატარების ფორმა და ზუსტი თარიღი, თუმცა პარტიებმა სამზადისი  ოფიციალურად უკვე დაიწყეს. “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაციების გაგრძელებას მრგვალი მაგიდის ფორმატში  ოპოზიციის ლიდერები კვლავ აპირებენ.