იგეგმებოდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია საქართველოში რუსეთის დავალებით. მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოძიების კითხვებს ჟურნალისტმა უკვე უპასუხა. როგორც გიორგი გაბუნიამ მედიასთან განაცხადა, ინფორმაცია 2 თვის წინ მიიღო და შესაბამისად, გაძლიერდა მისი დაცვაც. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ მისი მკვლელობა კადიროვმა დაუკვეთა, მიზეზი კი გასულ წელს, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებაა. ჟურნალისტის თქმით, მას სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე განცხადება “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. მოსამართლის წინაშე გამოიკითხა დღეს ნიკა გვარამიაც. “მთავარი არხის” დირექტორის ინფორმაციით, გამოკითხვაზე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს უკავშირდებოდა, ძირითადი კითხვები წყაროსთან დაკავშირებით იყო. გვარამია ამბობს, რომ ორი წყარო ჰყავს – მაღალჩინოსანი სუსი-დან და “ქართული ოცნებიდან”. “მთავარი არხის” დირექტორი აცხადებს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეკვეთილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, გაბუნიას მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია.
ინფორმაციაზე, რომლიდანაც გაირკვა, რომ რამზან კადიროვის დავალებით რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდირებას გეგმავდა, უსაფრთხოების სამსახური დამატებით განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. უწყებამ მხოლოდ გვარამიას ბრიფინგის შემდეგ დაადასტურა, რომ 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავაბულ რუსეთის მოქალაქეს ბრალად შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება ედება. ირკვევა,რომ ვასამბეგ ბოკოვი საქართველოში 4 თვის განმავლობაში ყალბი სახელით ცხოვრობდა. შესაძლო მძიმე დანაშაულის შესახებ, “მთავარ არხს” ინფორმაცია, ჯერ კიდევ თვეების წინ, უკრაინული სპეცსამსახურებიდან ჰქონდა.