სამართალდამცავმა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე უმოკლეს ვადებში გამოიძიოს – საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ გაბუნიას საქმეზე საზოგადოებას გამჭირვალე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, რათა საქართველოს მტრებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ სპეკულირების საშუალება არ მისცენ.
ხედავს თუ არა რუსულ კვალს გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მცდელობაში – ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრს დღეს არ უპასუხია. თუმცა, გიორგი გახარიასგან განსხვავებით ქართული ოცნების გენერალური მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ დესტაბილიზაციის წყარო ქვეყანაში როგორც რუსეთის ფედერაცია ისე ოპოზიციაა და გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაც სწორედ მათ ინტერესებში შედის. ირაკლი კობახიძე ოპონენტებს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მაგალითად ლეიბორისტული პარტიის ოფისში გაერთიანებული ოპოზიცია მოჰყვას. კობახიძე იმ პოლიტიკოსების გვარებსაც ასახელებს, რომლებიც მისი თქმით რუსეთის ინტერესებს ატარებენ, მათ შორის პარლაემნტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გუბაზ სანიკიძე და შალვა ნათელაშვილი დაასახელა.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ისინი ქართული ოცნების გენერალურ მდივანს უპასუხისმგებლოს უწოდებენ და რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის შეფასებით ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება საქართელოს მოქალაქის ლიკვიდაციის მცდელობასთან დაკავშირებით რუსეთის და რამზან კადიროვის გეგმებს გმობდეს, ის ოპონენტების მიმართ აბსურდული ბრალდებების წაყენებით არის დაკავებული. ოპოზიცია თვლის, რომ “ქართული ოცნება” გაბუნიას საქმეში რუსეთს, ბიძინა ივანიშვილის მითითებით შეგნებულად არ ახსენებს.
მმართველი გუნდის წევრები კი ირაკლი კობახიძის პოზიციას იზიარებენ და ასევე თვლიან, რომ დესტაბილიზაცია ქვეყანაში მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აწყობს. საპარლაემნტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ წინა საარჩევნოდ ოპოზიციას ქვეყანაში დაძაბული ვითარების შექმნა და რევოლუციური სცენარის განვითარება სურს.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უერთიერთბრალდებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეკომპანია მთავარის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ 12 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე, კრემლის და რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა კითხვები დღეს სუსის უფროსს დაუსვეს, თუმცა გრიგოლ ლილუაშვილმა საუბარი არ ისურვა და შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.