გაჩნდება თუ არა ახალი კლასტერი ზუგდიდში. კორონავირუსი 70 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა. ლარსის გამშვებ პუნქტზე “პისიარ” ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ვირუსზე პასუხი უარყოფითი მიიღეს. ის კარანტინში იმყოფებოდა და დროებით, ძმის დასაფლავებაზე დასასწრებად 14 ივნისს გაათავისუფლეს. გეგმური კვლევა კი 16 ივნისს ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტესტმა სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა. პაციენტი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოითქვა ვარაუდი, რომ მას კოვიდ-19 უკვე გადატანილი აქვს. ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 7 პირი კარანტინშია გადაყვანილი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 893 გახდა. ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და ინფექციისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 739-ს შეადგენს. 1 ახალი კოვიდ ინფიცირებული დაემატა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, ხოლო 7-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. სულ ინფექციურში კოვიდ დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი განმარტავს, რომ ვირუსის აგრესიულობის შემცირების დინამიკა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად, შეინიშნება. ამირან გამყრელიძის თქმით, მთავარია, ეპიდემიის ფართომასშტაბიანი განვითარება შეჩერდა, და ახლა ქვეყანა მართვის სტადიაში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრი კი ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე როცა კოვიდინფექციას თან სხვა ვირუსული ინფექცია დაერთვება, შესაძლებელია ვირუსის შემთხვევების მართვა გაცილებით უფრო რთული იყოს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემას 4000-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეუძლია.
კოვიდ-19-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავამყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქვეყნის მასშტაბით კარანატინის რეჟიმში 2858 პირი იმყოფება ხოლო ექიმები 282 ადამიანს აკვირდებიან. კორონავირუსს საქართველოში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.