ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისთვის ბიუჯეტიდან ტენდერებში გაცემული მილიონები

ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რომელიც იმერეთში ტენდერების დიდ ნაწილს იგებს. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ივანიშვილის დის – მაგული ივანაშვილის მულის ქმარმა, მურმან ტოგონიძემ – ბიუჯეტიდან 16 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2014 წლიდან დღემდე,  ტოგონიძემ 97 ტენდერიდან 69 მოიგო, მის საკუთრებაში არსებულ კომპანია “მშენინვესტს” კი მხოლოდ 2016 წელს ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები გაუფორმდა. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ რეგიონში ფიქსირებული სატენდერო შესყიდვები კორუფციული გარიგების  ეჭვს ბადებს. ზვიად ქორიძის თქმით, აუცილებელია გენერალური პროკურატურა  ტოგონიძის საქმით დაინტერესდეს.

მურმან ტოგონიძის მიერ მოგებული ტენდერების მესამედი ისეთ პროექტებზე მოდის, რომელშიც მას და მის კომპანიას არცერთი კონკურენტი არ ჰყავს. კვლევის შედეგად გამოვლენილი ეს გარემოება კორუფციის უტყუარი დასტურია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. “შეაჩერე კორუფციის” მკვლევარი ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ გამჭირვალობის კვლევაში მოყვანილი ეს და სხვა მრავალი გარემოება გამოძიების დაწყებისთვის და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემისათვის საკმარისია.

დღეს გამოვლენილი შესაძლო კორუფციული სქემა სიახლე არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ამბობენ, რომ ტენდერების მოსაგებად ბიძინა ივანიშვილთან ნათესაური ან რაიმე სხვა ტიპის კავშირი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვება თითქმის შეუძლებელია. დღეს წარმოდგენილი ფაქტების მიუხედავად მთავრობის ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ გამოძიება პასუხისმგებელ პირებს გამოავლენს და დასჯის.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას მმართველი გუნდი სწორედ ასე გამოეხმაურა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ საუბრები კორუფციაზე და ივანიშვილის გარემოცვის ინტერესებზე მხოლოდ მანიპულაციაა და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ახლა ჯერი საგამოძიებო უწყებაზეა – საერთაშორისო გამჭირვალობის კვლევა შოთაძის უწყებას უკვე გადაეგზავნა. დაიწყება თუ არა მოკვლევა საქმეზე ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.