ხმაური დამწვარ ვარკეთილის ბაზრობასთან – აუნაზღაურდებათ თუ არა ზარალი მოვაჭრეებს

ვარკეთლის დამწვარი ბაზრობის დაზარალებულებსა და დედაქალაქის  მთავრობის წარმომადგენლებს  შორის პირველი შეხვედრა შედგა, თუმცა აუნაზღაურდებათ თუ არა ზარალი მოვაჭრეებს ამ დრომდე უცნობია.  შეხვედრაზე მხარეებმა  ერთმანეთს მოთხოვნები გააცნეს და მორიგი შეხვედრა ჩანიშნეს. ვარკეთილის დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს  დილიდან ხმაური იყო. მიზეზი- ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაა. მოვაჭრეებისთვის მოუღებელი აღმოჩნდა ის   ინფირმაცია თითქოს ზარალის ანაზღაურება კვადრატულ მეტრზე ხუთასი ლარით მოხდებოდა.

მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ბაზრის ადმინისტრაციამ. ირკვევა, რომ  შპს “ვარკეთილი 96”- ბაზრის შენობა დაზღვეული არ ჰქონია. იურისტ ნანა წულაძის თქმით, კომპანია  მხოლოდ მესამე პირის დაზღვევით სარგებლობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვეო კომპანია “ირაო” ზარალს მხოლოდ მოვაჭრეებს აუნაზღაურებს და არა ბაზრის ადმინისტრაციას.

მოვაჭრეების მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის მერი დამწვარ ვარკეთილის ბაზრობაზე არ მისულა. ის მომხდარს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოუეხმაურა და  მზადყოფნა გამოთქვა ყველა დაზარალებულს ზარალი შესაძლებლობის ფარგლებში აუნაზღაურდეს. კახა კალაძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, ზარალის დათვლა და ყველა დაზარალებულის მდგომარეობა ინდივიდიულარულად განიხილება.

ვარკეთილის შერეულ ბაზარში 4000 კვარდატი დაიწვა. ხანძარი  ბაზრის ტერიტორიაზე 16 ივნისს გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე 25 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მთავარ საფრთხეს ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური წარმოადგენდა, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში შეძლეს. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა.