ევროპარლამენტარი ანჯეი ჰალიცკი საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილს უგზავნის, რომელშიც 8 მარტის შეთანხმებაზე და გიორგი რურუას გათავისუფლების მნიშვნელობაზეა საუბარი. ევროდეპუტატმა ირაკლი შოთაძისთვის გაგზავილი წერილი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ანჯეი ჰალიცკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრაქტიკის თანახმად მსგავს დანაშაულებში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად უმეტესად გირაო შეეფარდათ. რურუას შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. ევროპარლამენტარი მოუწოდებს გენერალურ პროკურორს რურუასთვის საპატიმრო ღონისძიების, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვოს.
“მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომელიც შეთანხმების შესრულებისთვის გადაიდგა, გიორგი რურუა, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია, პარალელურად კი მიმდინარეობს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საქმეებზე, რომელიც მისთვის წარდგენილ ბრალს არ უკავშირდება და ეს კამპანია მთავრობის და მმართველი გუნდის წევრებმა დაიწყეს. მთავრობა აგრძელებს განცხადებების გაკეთებას, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ დაძაბულობის შემცირება ქვეყნის ინტერესია. ზედმეტია შეხსენება, რომ გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა მთლიანად საქართველოს სასამართლოს და პროკურატურის დისკრეციაა. თუმცა, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ბევრმა დამკვირვებელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს პრაქტიკას. ისეთ დანაშაულებზე, რაზეც რურუას ედავებიან, ძირითად შემთხვევებში აღკვეთის ღონისძიებად გირაოს აწესებენ. ვიცი, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა პრაქტიკულად დასრულდა. ამდენად, მოგმართავთ, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილოთ არასაპატიმრო სასჯელის სახის გამოყენება. ეს უდავოდ ხელს შეუწყობს 8 მარტის შეთანხმებასა და საქართველოში ნაკლებად პოლარიზებულ და ცივილურ საარჩევნო კამპანიას” — აღნიშნულია ევროპარლამენტარის წერილში.