“გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს” – ასეთია მორიგი ღია მუქარა რამზან კადიროვის მხრიდან. ჩეჩნეთის ლიდერი უარყოფს ქართულ მედიასივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაკვეთით საქართველოში ვლადიმერ პუტინის გინების გამო, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა. კადიროვი გიორგი გაბუნიას განდიდების მანიით შეპყრობილს უწოდებს და ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობს, რომ ქართველი ჟურნალისტი მისი პირადი მტერი გახდება.
ყველაფერი ერთი წლის წინ პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით დაიწყო. სანამ პუტინის გინებისთვის კადიროვი მუქარას დაიწყებდა, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ში მუშაობის პერიოდში, ჟურნალისტის მიერ ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტის გინება ქვეყნის შიგნითაც დაგმეს. გინების ავტორს, გიორგი გაბუნიას დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებაც. ჟურნალისტი პროვოკაციის მოწყობაში, დაძაბულობის გაღვივებასა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებაში დაადანაშაულეს.
ინფორმაციაზე, რომლიდანაც გაირკვა, რომ რამზან კადიროვის დავალებით, რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას ლიკვიდირებას გეგმავდა, უსაფრთხოების სამსახური დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. ხელისუფლების პირველი პირები კი საგამოძიებო უწყებას მძიმე დანაშაულის აღკვეთისთვის მადლობას უხდიან. შესაბამისი სტატუსი სოციალურ ქსელში პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრობს, თუმცა რუსეთს არ ახსნებს. რუსეთის კრიტიკისგან თავს იკავებს პრემიერიც. გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ამ თემის გამოყენებას ყველა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდება.
ოპოზიცია კი გამოძიების შედეგების მოლოდინშია. ხელისუფლების ოპონენტებმა შეფასებების გარეშე კადიროვის არც დღევანდელი განცხადება დატოვეს და თქვეს, რომ მუქარაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე განცხადება “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ გააჟღერა. სუსმა კი მხოლოდ ამ განცხადების შემდეგ დაადასტურა, რომ 12 ივნისს ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავაბულ რუსეთის მოქალაქეს ბრალად შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება ედება. ირკვევა,რომ ვასამბეგ ბოკოვი საქართველოში 4 თვის განმავლობაში ყალბი სახელით ცხოვრობდა. შესაძლო მძიმე დანაშაულის შესახებ, “მთავარ არხს” ინფორმაცია, ჯერ კიდევ თვეების წინ, უკრაინული სპეცსამსახურებიდან ჰქონდა. ოფიციალური კიევის ჩარევის გამო საქართველოსთან ერთად, მუქარა მეზობელმა უკრაინამაც მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრი რამზარ კადიროვი უკრაინასაც ემუქრება და ამბობს, რომ პასუხის დრო მოვა.