იაფფასიანი პრეპარატი დექსომეტაზონი კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ მედიკამენტად აღიარეს. ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დექსომეტაზონს კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
ბიბისიში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 20-დან დაახლოებით 19 პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდა. მათგან კი, ვინც საავადმყოფოში ხვდება უმრავლესობა ასევე გამოჯანმრთელებას ახერხებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის მკვლევარებმა, საავადმყოფოში მყოფი 2000 პაციენტის შედეგები, რომლებიც დექსომეტაზონს იღებდნენ შეადარეს 4000 პაციენტის შედეგებს, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ. შედეგად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფ პაციენტებში მან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40–დან 28%–მდე შეამცირა. მკვლევარების შეფასებით პრეპარატი დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდანვე რომ გამოეყენებინათ, 5000 სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ.