ბესელია - ვისგანაც წამოვიდა დანაშაულებრივი განზრახვა, მთავარი ეს არის, გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს ველოდები
ეკა ბესელიას გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს ელოდება, რადგან მისი ტქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების პასუხისმგებლობის გარდა, მთავარია ის, ვისგანაც თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა წამოვიდა. ბესლეიას განცხადებითვე, საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში, რაზეც დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს. „ეს არის ის მეთოდი და ფორმა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო და ამაზრზენ ბრძოლის ფორმად ოპონენტებთან და ეს არის მორალური ტერორის ერთ-ერთ დაუშვებელი სახე. ამიტომ ამ ფორმასთან ბრძოლა საჭიროა“ - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მასობრივი გავრცელების ფაქტზე16 პირი დააკავა. 

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში, თავად ამ მოსამართლეებმა წყალში ჩაყარეს. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს დიმიტრი გვრიტიშვილს, ეკა ბესელიას თქმით, ასეთი ფსიქოტიპის მოსამართლის ხელში ჩვენი მოქალაქეების ყოფნა სახიფათოა. დიმიტრი გვრიტიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს ასე გამოეხმაურა.

“იმედი მქონდა, რომ ეკა ბესელია შეწყვეტდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, თუმცა, გუშინ ვიხილეთ საპირისპირო. გამარჯვებული სახით მან გვამცნო, რომ ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგაა, ამიტომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსადმი - დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საზოგადოებას ამ საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების მდგომარეობის შესახებ“, - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.




FaceBook Twitter Google