Georgian Airways თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის რეგულარულ ფრენებს იწყებს.კომპანიის ვებ-გვერდზე უკვე დამატებულია რუსეთის მეორე ყველაზე დიდი ქალაქის მიმართულება. არსებული ინფორმაციით, Georgian Airways სანქტ-პეტერბურგში, აეროპორტ პულკოვოში, კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და კვირას იფრენს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთის ფასები, ერთი მიმართულებით, 700 ლარის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ოფიციალურ უწყებას, შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
ამჟამად, ავიკოპანია Georgian Airways თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ რეისებს ასრულებს. სანქტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით კი, რუსული ავიაკომპანია Red Wing-ი დაფრინავს. რუსეთიდან საქართველოში დაფრინავს ავიაკომპანია „აზიმუტიც“.
2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების უფლება მისცა.