„ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წელი და ვრცელი წერილი მიღწევებზე | 21.04.2022

“ადამიანის უფლებების გაუმჯობესება, ავტორიტარული რეჟიმის დასრულება, მედიის თავისუფლება, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა” – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს აზრით ქვეყანაში უკვე მიღწეულია.  მმართველმა პარტიამ ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი წერილი გაავრცელა რომელშიც 2012 წლის შემდეგ პარტიის მიღწევებზეა საუბარი. მთავარ წარმატებად კი სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, იმას, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ქვეყანაში ომი არ ყოფილა.  “ოცნების” წერილი კი ტრადიციულად ყოფილი ხელისუფლების კრიტიკით იწყება და ბიძინა ივანიშვილის ქებით გრძელდება. ოლიგარქს განცხადებაში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა. მმართველი პარტია ორ მთავარ მიზანსაც ასახელებს: ესენია  ერთიანი საქართველო და  საქართველო კეთილდღეობის ევროპული ხარისხი.

“2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაფუძნდა ჩვენი პარტია, ქვეყანა იყო უმძიმეს მდგომარეობაში – ავტორიტარული რეჟიმის მიერ ფეხქვეშ იყო გათელილი დემოკრატია და ადამიანის უფლებები; ადამიანების ღირსებისა და სიცოცხლის ხელყოფა, წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიურ პრაქტიკად იყო ქცეული; დანერგილი იყო სისხლის სამართლის არაადამიანური პოლიტიკა; შეკრების თავისუფლებას ხელისუფლება სისასტიკეს უპირისპირებდა; არ არსებობდა მედიის თავისუფლება და ყველა წამყვანი მედიასაშუალება არა სიტყვის თავისუფლების, არამედ დიქტატურის სამსახურში იყო ჩაყენებული; ხალხს წართმეული ჰქონდა არჩევანის უფლება; ქვეყანას ჰქონდა სუსტი ეკონომიკა და მოსახლეობის 30 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა; სწორედ ამ უმძიმეს და ურთულეს ვითარებაში შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის განვითარებაში დემოკრატიული გარდატეხის შეტანა. ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაუბრუნეს თავისუფლება და დემოკრატია, რაც ქვეყნის წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. აღიკვეთა ადამიანის უფლებების ხელყოფის, ადამიანის ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. მაღალი ხარისხით არის უზრუნველყოფილი მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. აღიკვეთა არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა და არჩევითი ორგანოები მოსახლეობის ნების შესაბამისად ფორმირდება. სასამართლო, პროკურატურა და შსს აღარ გამოიყენება რეპრესიულ მექანიზმად, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებითა და სტატისტიკური მონაცემებით თვალნათლივ დასტურდება. ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ქართული ხელისუფლება, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.  ევროკავშირის მიმართულებით ჩვენი თანმიმდევრული წინსვლის ლოგიკური გაგრძელებაა ოფიციალური განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შედეგებისა, რომელიც ჩვენმა პარტიამ – საქართველოს 2012 წლის შემდეგ მოუტანა. ბუნებრივია, მიღწევებთან ერთად, იყო არაერთი შეცდომა და ხარვეზი. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, „ქართულ ოცნებას“ არასოდეს გადაუხვევია უმთავრესი პრინციპებიდან, რომლებიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უდევს საფუძვლად. ესენია – ღირსება, თავისუფლება და სოლიდარობა, პატრიოტიზმი და ეკლესიის პატივისცემა, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,” –  “ქართული ოცნების” განცხადება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები