ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 85-გვერდიანი მძიმე დასკვნა საქართველოზე და შეფასებები თბილისში | 13.04.2022

პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ე.წ სასამრთლო კლანი, ძალადობა მედიაზე – ეს მხოლოდ ნაწილია იმ  თემების, რომელზეც ამერიკის  სახელმწიფო დეპარტამენტის, ადამიანის უფლებების 85 გვერდიან, ანგარიშშია საუბარი. პარტნიორი ქვეყნის მიერ მომზადებულ ანგარიშს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულს უწოდებს ოპოზიცია. მათი თქმით, დოკუმენტი  ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მოსმენები და სხვადასხვა ტიპის რეპრესიები მიმდინარეობს. ამბობენ, რომ ამ  მძიმე ვითარების შეცვლა, მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია.

ოპოზიციისგან განსხვავებით, დასკვნას კრიტიკულად არ მიიჩნევენ მმართველ პარტიაში. “ქართული ოცნების” წევრები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დაფასებულია ის მიღწევები, რომელიც ქვეყანამ, გასულ წელს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული მედიასაშუალებები სიცრუეს ავრცელებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დოკუმენტი კარგი წყაროა იმის განსასაზღვრად, თუ რა მიმართულებებით უნდა განავითარონ ქვეყანა მეგობარ სახელმწიფოსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით.

85 გვერდიან დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი მედიის თავისუფლად ფუნქციონირების ხელის შემშლელ გარემოებებზეც და ამ კონტექსტში მოყვანილია ციტატები გია ვოლსკის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან. მაგალითად ისეთი, როგორიცაა მათი მხრიდან “მთავარი არხის” “პროვოკატორად” მოხსენიება. ასევე, მწვავე პრობლემად არის დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ქართული ოცნებისა” და ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მჭიდრო თანამშრომლობა. ანგარიშში მოხვდა სხვადასხვა ფაქტები, რომელიც უკავშირდება სამთავრობო უწყებების მხრიდან ოპოზიციურად განწყობილი მედიის დაბლოკვის შემთხვევებს. საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს არ იწვევენ. დოკუმენტში ხაზგასმულია რუსული ბორდერიზაციის ზრდის საკითხიც, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება. ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები