ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნების II ტური- მოქმედმა , ანატოლი ბიბილოვმა გამარჯვება ვერ შეძლო | 11.04.2022

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ არჩევნების II ტური ჩატარდება. მოქმედმა ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა გამარჯვება ვერ შეძლო. სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია,რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ არჩევნები არალეგიტიმურია.

რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მკაცრად დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.  სამინისტროს განცხადებით, უკანონო „არჩევნების“ მიზანი რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციაა.  უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააძლიეროს რუსეთზე სანქციებით ზეწოლა და პასუხისმგებლობა დააკისროს გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების უხეშად დარღვევების გამო.

სამხრეთ ოსეთში კვირას ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას  არ აღიარებს ნატო. ამის შესახებ, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა წერს.  მისი განცხადებით, ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ე.წ.  არჩევნებს  ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორია “დამოუკიდებელ რესპუბლიკად” აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ. წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევის და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები