“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა, რათა მალე დასრულდეს ეს გაუგონარი ომი” | 07.04.2022

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საერთაშორისო საზოგადოება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის ომსა და რუსულ აგრესიაზე იმსჯელეს. “ნატო გააძლიერებს კიბერუსაფრთხოების საკითხში უკრაინის დახმარებას”- ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ “ისაუბრეს იმაზე, თუ რას გააკეთებენ უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისა და აღჭურვილობის მიწოდების კუთხით”. მისივე თქმით, უკრაინას ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვაში უნდა დაეხმარებიან და თავდაცვისთვის შესაბამის აღჭურვილობას გაუგზავნიან. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა,  რომ ალიანსი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას მხარდასაჭერად ნაბიჯებს გადადგამს და თავდაცვის საკითხებში დაეხმარება.

შეხვედრას ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა უკრაინისა და საქართველოს პირველი დიპლომატებიც ესწრებოდნენ. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინა ამ ომით არამხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს, არამედ ევროპის უსაფრთხოებას იცავს და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდებაა. დმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა, რამდენი კედლის დანგრევა მოუხდა უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღიდან, როცა საერთაშორისო პარტნიორებისგან იარაღის მიწოდებას ითხოვდა. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან დეტალურად აღწერა, რუსი ოკუპანტების მიერ, ბუჩაში მოწყობილ სისასტიკე და უკრაინელი ხალხის გენოციდი და საერთაშორისო პარტნიორებს კიდევე ერთხელ მოუწოდება, შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების მოხმარება, რადგან ეს, რუსეთის ომის მანქანაში გადახდილი ფულია.

513 ხმით 22-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტი რუსეთიდან ნავთობის, ქვანახშირის, ბირთვული საწვავისა და გაზის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს. შესაბამისი რეზოლუცია ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატებმა მიიღეს. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები  უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდასაც ითხოვენ. რეზოლუციაში საუბარია ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე და დოკუმენტში ის მოხსენიებულია, როგორც “ომის დანაშაული”.  ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ შემდგომ თავდაცვით დახმარებას, რომელიც მიეცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ერთობლივად ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.

„უკრაინაში ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლები გასამართლდებიან“ – რუსეთის ძალადობა უკრაინის ტერიტორიაზე ერთიანად დაგმეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ G7-ის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის შესაძლებლობების მაქსიმალურად შეზღუდვას, მათ შორის რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის დაჩქარებით. “აგრესორის მიერ ხოცვა-ჟლეტა ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში იქნება ჩაწერილი, სისასტიკისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სიაში“ – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები