“მოწოდებული ვართ, წინ აღვუდგეთ რუსეთის სასტიკ ომს. ეს ომი იქნება სტრატეგიული მარცხი პუტინისთვის” | 25.03.2022

ამერიკის მორიგი მხარდაჭერის დემონსტრირება უკრაინას. ჯო ბაიდენი სოლიდარობის ნიშნად უკრაინა-პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ჟეშუვში ჩავიდა. ქალაქი უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პოლონეთში ვიზიტის მიზანია დასავლეთის დამოკიდებულების ჩვენება უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჟეშუვში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას შეხვდება, რომელთანაც მიმდინარე კრიზისს განიხილავს. შტატების პრეზიდენტი უკვე შეხვდა NATO-ს სამხედროებს, რომლებიც პოლონელ პარტნიორებთან ერთად აღმოსავლეთ საზღვრებს ამაგრებენ. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ჯარებს და მათ ,,მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო მებრძოლი ძალა” უწოდა. ჯო ბაიდენი შაბათს, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ ლტოლვილებტანაც გეგმავს შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის შეთანხმებას, შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი  რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შემცირება იქნება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს. პანელი, რომელსაც თეთრი სახლისა და ევროკომისიის წარმომადგენლები გაუძღვებიან, მიზნად ისახავს თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მარაგების მოძიებასა და ბუნებრივ გაზზე საერთო მოთხოვნის შემცირებას. შტატები იმუშავებს პარტნიორებთან ერთად, რათა 2022 წელს ევროპას მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი გაზი მიაწოდოს. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უნდა დაეხმაროს ევროპას, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე რაც შეიძლება სწრაფად. თავის მხრივ, ევროკავშირი განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის გაზის მოხმარების 40%–ს უზრუნველყოფს. ევროკავშირის გრძელვადიანი მიზანია 2030 წლამდე ყოველწლიურად დამატებით 50 მილიარდი კუბური მეტრი გაზით მომარაგება უზრუნველყოს.

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს უკრაინაში ომის დანაშაულები შეწყვიტოს. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს ომის ზონებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფთხო გაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილებამდე და ასევე უზრუნველოს ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო შეტანა მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში. ევროპული საბჭო წევრ ქვეყნებს მოუწოდებს გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და დასაფინანსებლად. ევროპული საბჭო თანახმაა შექმნას უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდი და საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად იწვევს. იგი მოუწოდებს ევროკომისიას გააგრძელოს უკრაინის ტექნიკური დახმარება, საჭირო რეფორმების განხორციელებაში.

“რუსეთი ახორციელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სკოლებზე და თავშესაფრებზე. ეს სამხედრო დანაშაულებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პასუხისმგებელი პირები და მათი თანამზრახველები პასუხს აგებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. მიუღებელია მარიუპოლისა და უკრაინის სხვა ქალაქების ალყაში მოქცევა და რუსული სამხედრო ძალების მხრიდან ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობისთვის ხელის შეშლა. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ყველა საომარ ზონაში მოქცეული მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაყვანა მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. ევროპული საბჭო მოითხოვს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა შეიარაღებული ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულფასოვნად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ევროპული საბჭოს განცხადება.

140 მომხრე და 5 წინააღმდეგი –  გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული რეზოლუცია, უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო პირების დაცვას ითხოვს და რუსეთს “საშინელი” ჰუმანიტარული სიტუაციის შექმნის გამო აკრიტიკებს. მიღებული რეზოლუცია მშვიდობიანი მოქალაქეების, სამედიცინო პერსონალის, დამხმარე მუშაკების, ჟურნალისტების, საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გულისხმობს. აქვე, საუბარია მარიუპოლის ალყის შეწყვეტის აუცილებლობაზეც.

დასავლეთის მოწოდებებისა და დაწესებული სანქციების მიუხედვად, კრემლი რიტორიკას არ იცვლის. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, “სისულელე” იქნება იმის დაჯერება, რომ რუსული ბიზნესის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ქვეყნის მთავრობაზე რაიმე გავლენა ექნება. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ოლიგარქებზე ზემოქმედებამ შესაძლოა იმუშაოს, რადგან მათ შეუძლიათ, პუტინზე ზეწოლით მისი სტრატეგია შეცვალონ.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან ზუსტად 1 თვე გავიდა. არაერთი სანქციის და მოწოდების მიუხედავად საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები