“მტერს ეგონა, არ შევეწინააღმდეგებოდით და ხელებგაშლილი დავხვდებოდით, მაგრამ შეცდნენ” | 24.03.2022

უკრაინაში რუსეთის შეჭირდან ერთი თვე გავიდა. ათასობით გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანი, დაბომბილი ქალაქები და სოფლები, განადგურებული საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სასწავლო და კულტურული დაწესებულებები, 3 მილიონზე მეტი ლტოლვილად ქცეული უკრაინელი – ასეთია ომის შედეგები თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაში. ზარალის მასშტაბები კი სულ უფრო იზრდება. რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს აგრძელებენ. ისევ იბომბება მარიუპოლი. ოკუპანტების ალყაში მოქცეულ ქალაქში ყველა შენობა დანგრეული და დამწვარია. მარიუპოლში დიდია მსხვერპლიც, თუმცა ადგილზე არსებული ვითარების გამო ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. უკრინული მედიის ინფორმაციით მარიუპოლში გარდაცვლილი იპოვეს 11 წლის ტანმოვარჯიშე, კატია დიაჩენკო, რომელიც სახლის ნანგრევებში იყო მოყოლილი. გადარჩენილები კი ინტენსიური სროლების მიხუედავად ქალაქიდან გაქცევას ცდილობენ.

დღეს დილიდან ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები მიიტანეს კიევზე. უკრაინის დედაქალაქი კვამლშია გახვეული. უკვე ერთი თვეა ჭურვები ცვივა ხარკოვშიც. ქალაქის მერი ამბობს, რომ 1143 შენობაა განადგურებული, მათ შორის 998 საცხოვრებელი სახლია. მძიმე ვითარებაა იზიუმსა და ახტირკაში. ეს ქალაქები რუსი აგრესორების მიერინტენსიურად იბომბება.

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება, თუმცა მტერი წინსვლას ვეღარ ახერხებს. უკრაინელი სამხედროები შეტევაზე გადავიდნენ და რუსულ არმიას მნიშვნელოვან დარტმებს აყენებენ. უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში სამი რუსული გემი გაანადგურეს.

დიდი ბრუტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ კიევთან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები წარმატებულია. უკრაინულმა ძალებმა რუს სამხედროებს კიევის აღმოსავლეთ ფრონტზე უკან დაახევინეს და შედეგად ოკუპანტები დედაქალაქს 55 კილომეტრით დაშორდნენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინელებმა ბუჩასა და ირპენში განლაგებული რუსები ალყაში მოაქციონ. გუშინ პენტაგონი აცხადებდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკვე საკვების და საწვავის პრობლემა აქვთ. კარგავენ ცოცხალ ძალას და ტექნიკასაც. ბოლო მონაცემებით რუსეთმა უკვე 15 800 ჯარისკაცი, 530 ტანკი, 1597 ჯავშანმანქანა, 82 სარაკეტო სისტემა, 108 თვითმფრინავი, 124 ვერტმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა დაკარგა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები