ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე – ბრიფინგი უკრაინის საელჩოში | 23.03.2022

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ხვალ თბილისში აქცია გაიმართება. ამის შესახებ  საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა  ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ისაუბრა იმ ქართველი გმირების შესახებ, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მისივე თქმით, ქართველი მოხალისეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გმირულად და მამაცურად იბრძვიან. კასიანოვის თქმით,  სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის მიმართულებით ძლიერ დარტყმებს აგრძელებენ , რის შედეგადაც მოწინააღმდეგე უკან იხევს. რუსი ჯარისკაცები არიან დემორალიზებულები, მასობრივად ბარდებიან ტყვედ, საკუთარ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას ბრძოლის ველზე ტოვებენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად უჩვენებენ თავის გმირობას და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე. იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ – საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში,” – ანდრეი კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში 20 000-მდე უკრაინელი იმყოფება. მისივე თქმით, 58 ბავშვი უკვე სწავლობს ქართულ სკოლებში და 50-მდე ბავშვის მშობელმა სწავლასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.  კასიანოვის ინფორმაციით, საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დახმარებასა და მხარდაჭერას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები