“ჩვენ ვიცით, ვინ არის ზელენსკი. ვიცით, ვინ არიან უკრაინელები. ვიცით ვინ არის პუტინი” | 17.03.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს “სამხედრო დამნაშავე” უწოდა. მსგავსი შეფასება აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად გააკეთა.

ამერიკის პრეზიდენტი  უკრაინას 800 მილიონი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. როგორც ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა,  ეს უკრაინას დაეხმარება რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. პაკეტი მოიცავს საზენიტო, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს, ვაზნებს, ჭურვებსა და სხვა შეიარაღებას. ბაიდენის თქმით, მსოფლიო ერთიანია აშშ-ს გადაწყვეტილებაში, აიძულონ პუტინი, გადაიხადოს ძალიან მძიმე ფასი.

უკრაინის სამხედრო დახმარების გაძლიერება ამერიკის პრეზიდენტს სენატორებმა მოსთხოვეს.  უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ  ზელენსკის კონგრესში გამოსვლის შემდეგ, სენატის რესპუბლიკურმა პარტიამ  პრესკონფერენცია გამართა  და პრეზიდენტს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა თხოვეს. მათ შორის იმ  მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემა, რომელთა ამერიკის შუამავლობით მიწოდების სურვილი, პოლონეთმა გამოთქვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით გერმანიის პარლამენტის – ბენდესტაგის წევრებს მიმართა. მას გერმანის კანონმდებლები ფეხზე ამდგარი, ოვაციებით შეეგებნენ. პრეზიდენტის თქმით, ომს უკვე   ათასობით უკრაინელი ემსხვერპლა, მათ შორის  108 ბავშვია. ზელენსკიმ  ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებს სურთ თავისუფლება, თანასწორობა და შესაძლებლობა, იცხოვრონ თავისუფლად ისე, რომ არ დაექვემდებარონ სხვა ქვეყანას. მან გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მიმართა, რომ დახმარება გაუწიოს ამ ომის დასრულებაში.

“უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა და მას ხალხი ეწირება. ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატოში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას!” – ვოლოდიმირ ზელენსკი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები