რუსეთის ომი უკრაინაში – მეოცე დღე | 15.03.2022

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმებს აგრძელებენ. კიევში დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. სარაკეტო თავდასხმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა. ავიაიერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც. მაშველებმა 35 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით აფეთქებები ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე მოხდა. რაკეტები ბელორუსის ტერიტორიიდან ისროლეს.

რუსეთის მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში უკვე 20 დღეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში სისტემატიურად იბომბება  ხარკოვი.  რუსებს სარაკეტო იერიშები მიაქვთ საცხოვრებელ კორპუსებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. ხარკოვში ძლიერი აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის. ოკუპანტებმა დღესაც დასახლებული პუნქტები დაბომბეს. გაანადგურეს კიდევ ერთი სკოლა. ყოველდღიურად იზრდება დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი.

უკრაინის ქალაქებიდან საევაკუაციო დერეფნები დღესაც გაიხსნა. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 9 ლოკაციიდან განხორციელდება. თუმცა ზოგიერთი ოლქიდან მათ შორის ლუგანსკიდან, რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ. ოკუპანტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ და ჰუმანიტარული დერეფნების მისამართით ცეცხლს ხსნიან.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით უკრაინელმა ჯარისკაცებმა უკვე 13 500 რუსი სამხედრო მოკლეს. განადგურებულია რუსეთის 1279 ბრონირებული მანქანა და 404 ტანკი. ოკუპანტებმა დაკარგეს 95 ვერტმფრენი,  81 თვითმფრინავი, 150 საარტილერიო სისტემა და სხვა სამხედრო ტექნიკა. ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვის სამხედრო პოლკმა რუსეთის კიდევ ერთი გენერალ-მაიორი მოკლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები