„თუ რუსეთი NATO-ს ტერიტორიას თავს დაესხმება, ალიანსი მას პასუხს გასცემს“ – ჯეიკ სალივანმა | 14.03.2022

რუსეთი NATO-ს საზღვარს მაქსიმალურად უახლოვდება. რუსეთის არმიამ სარაკეტო ცეცხლი “მშვიდობისმყოფელებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს”, გაუხსნა რომელიც ნატოს წევრი პოლონეთის საზღვრიდან, დაახლოებით, 25 კილომეტრით არის დაშორებული. „თუ რუსეთი NATO-ს ტერიტორიას თავს დაესხმება, ალიანსი მას პასუხს გასცემს“ – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა CBS News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

NATO-ს ჩართულობის საკითზე საუბრობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც. შარლ მიშელმა ფრანგულ გამოცემა EL PAIS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის საკითზე ნატოს ჩართულობა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისად იქცეს.

“რუსეთი ბირთვული ძალაა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუ ეს გადაიქცევა კონფლიქტში ნატოსა და რუსეთს შორის, მაშინ ჩვენ მესამე მსოფლიო ომში შევალთ. მართალია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის მეტი სურდა. მაგრამ ევროკავშირის გაფართოება დელიკატური საკითხია, რომელზეც ყველა ევროპულ ქვეყანას არ აქვს ერთნაირი აზრი,” – განაცხადა შარლ მიშელმა.

თუკი რუსული არმია NATO-ს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუნდაც შემთხვევით გასროლას განახორციელებს, შესაძლოა ალიანსის ხელშეკრულები მე-5 მუხლი ამოქმედდეს, რომლის მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. ”ერთი ყელასათვის და ყველა ერთისათვის” და ეს პრინციპი სამხედრო ალიანსის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. ის რჩება უნიკალურ და მუდმივ პრინციპად, რომელიც NATO-ს წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და ავალდებულებს მათ დაიცვან ერთმანეთი.

რუსეთზე წნეხი ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება.  შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ პერსონალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ავსტრალიაც აწესებს. შავ სიაში რუსი ოლიგარქები და უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრები მოხვდნენ. მთლიანობაში, სანქციები 33 ადამიანს დაეკისრა, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსეი მილერი და ბანკ “როსიას” დირექტორი, დიმიტრი ლებედევი, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის თავმჯდომარე. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ოლიგარქთაგან ბევრმა ხელი შეუწყო ან უშუალოდ ისარგებლა კრემლის უკანონო და დაუცველი ქმედებებით უკრაინაში 2014 წლიდან.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები უკვე მძიმე გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. ქვეყანას ასობით საერთაშორისო კომპანია ტოვებს. იზრდება ძირითადი პროდუქტების ღირებულება, მოქალაქეები სამუშაო ადგილებს კარგავენ. რუსეთის ცენტრალური ბანკი საფონდო ბირჟას 14-18 მარტსაც არ გახსნის. მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.

ყოველდღიურად იზრდება ლტოლვილთა რაოდენობა. უკრაინა უკვე 2 მილიონ 700 ათასამდე მოქალაქემ დატოვა. ბომბებს გაქცეული უკრაინელების უმრავლესობა თავს პოლონეთს აფარებს, ნაწილი  უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში გადავიდა. უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნების გარდა მშვიდობიანი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადადიან მათ შორის, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ლტოლვილებისთვის 3 ათასი ვიზა გაიცა. მათ თავშესაფარს, მინიმუმ, 6 თვით მისცემენ, ხოლო ყოველთვიურად 350 ფუნტს გადაუხდიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები