ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას- ლომჯარია სააკაშვილზე | 11.03.2022

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად. განცხადებას ამის შესახებ ომდუსმენის  აპარატი  ავრცელებს.  მასში ნათქვამია, რომ პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა.  პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა შიმშილობა გუშინ შეწყვიტა.

“მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, N12 დაწესებულებაში 7 მარტს იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სასწრაფო დაყოვნებული წესით, რაც საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2-5 დღეში.  აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კვლავ არ ჩატარებულა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. კვლევის შესახებ რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 19 იანვარს გასცა.   იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდირებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით.   სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის ექიმების/მოწვეული ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის რეკომენდირებული აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევებისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება,” – სახალხო დამცველის განცხადება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები