ომის მეცამეტე დღე უკრაინაში | 08.03.2022

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია უკვე მე-13 დღეა გრძელდება. ისევ იბომბება ქალაქები, იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც.

რუსული არმიის მიერ იბომბება უკრაინის თითქმის ყველა ქალაქი. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს ქალაქ ახტირკაზე, ირპენზე, ნიკოლაევსა და ხარკოვზე. რუსული ძალების ინტენსიური თავდახმების მიუხედავად უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი არ ნებდება. საცხოვრებელი სახლების აფეთქებების შედეგად ხარკოვში მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ავიაიერიშები განხორციელდა ქალაქ ჟიტომირში. შედეგად ნავთობის საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ოკუპანტები არ ინდობენ ეკლესიებსაც. რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გაანადგურეს. საოკუპაციო ძალებმა კიევთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარე 1873 წელს აგებულ წმინდა გიორგის ტაძარზე მიიტანეს იერიში.

უკრაინაში არსებული ვითარების გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს მისიებში მონაწილე უკრაინელი მშვიდობისმყოფელები სახლში გაიწვია. ისინი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მიიღებენ მონაწილეობას. კიევში რჩება თავად პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს კიევის ქუჩებიდან მორიგი ვიდეო გაავრცელა და მოსახლეობას უთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება.  რუსულ პროპაგანდას ზელენსკიმ გუშინ საკუთარი ოფისიდან უპასუხა და თქვა, რომ ის გუნდტთან ერთად კიევში რჩება, არავისი ეშინია და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

უკრაინელ ჯარისკაცებს და იმ მამაკცებს, რომლებიც ქვეყნის დასაცავად იბრძვიან უერთდებიან ქალებიც. მათ დღეს მიმართვა გაავრცელეს და რუს სამხედროებს უთხრეს რომ ყველაფერს აზღვევინებენ.

უკრაინულ არმიას მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნებიდანაც შეუერთდნენ, მათ შორის ბრიტანეთიდან და შოტლანდიიდან. მეგობარი ქვეყნის დასაცავად და რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტყეში მყოფი ქართველი მოხალისეები მღერიან.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა უკვე იმსხვერპლა 406  უკრაინელის სიცოცხლე, მათ შორის არიან ბავშვები. გაეროს მონაცემებით 6 მარტის ჩათვლით 800-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, თუმცა ეს ციფრი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, უკრაინიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა ისევ ვერ ხერხდება. დღეს დაბომბილი ქალაქებიდან უკრაინის ხელისუფლებამ ქალებისა და ბავშვების გაყვანა დაიწყო, თუმცა რუსმა სამხედროებმა ავტობუსებს ისევ ცეცხლი გაუხსნეს.

13 დღეში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი 2 მილიონამდე უკრაინელმა მიიღო. ქვეყნიდან ქალებისა და ბავშვების გადინება გრძელდება. პოლონეთი-უკრაინის საზღვარი დევნილებით გადავსებულია.

პენტაგონის ინფორმაციით ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, საზღვართან წინასწარ მობილიზებული ჯარის თითქმის 100% უკვე განალაგა. კიევზე შტურმის ორგანიზების მიზნით კი რუსეთმა საკუთარი ძალების გადაჯგუფებაც მოახდინა. იერიშვისთვის ოკუპანტებმა ყველაზე კარგ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ქვედანაყოფები მოამზადეს.  თუმცა, უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეტევითი ოპერაციების მიუხედავად რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შენელებულია. რუსული არმია ბოლო რამდნეიმე დღეა ფაქტობრივად ერთ ადგილასაა გაჩერებული, თუმცა აგრძელებს ქალაქების და სოფლების დაბომბვას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 12000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. მათ შორის ათასობით სამხერო მოსამსახურე ტყვედაა ჩავარდნილი. ისინი ვლადიმერ პუტინს ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათი პრეზიდენტი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინასთან ომში წვევამდელები არ არიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით 13 დღეში რუსეთმა 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 303 ტანკი, 1036 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 120 საარტილერო მოწყობილობა, 7 უპილოტო საფრენი აპარატი, 3 ხომალდი და სხვა სამხედრო ტექნიკა  დაკარგა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები