“პუტინი უნდა დამარცხდეს“ – 12 დღეა საერთაშორისო საზოგადოება საგანგებო რეჟიმში მუშაობს | 07.03.2022

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით საქმის განხილვა დღეს დაიწყო. პირველადი განხილვისას, ჰააგა პუტინის სამხედრო აგრესიის დაწყების მიზეზად გენოციდს არ ადასტურებს. უკრაინის წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ეთნიკური რუსების წინააღმდეგ გენოციდი იყო. მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ გენოციდი არ ხდება და სასამართლოს საქმის წარმოებისთვის  საფუძველი არ აქვს. სწორედ ამიტომ, სხდომას რუსეთის წარმომადგნელები არ ესწრებოდნენ. უკრაინის მხარეს დროებით ღონისძიებებზე 3 მთავარი მოთხოვნა აქვს: დაუყონებლივ შეწყდეს საომარი ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე, გაიყვანოს რუსეთმა ყველა სამხედრო ძალა და ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს და რუსეთმა შეწყვიტოს რუსეთმა ყველა ქმედება, რომელმაც მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს.

უკვე 12 დღეა საერთაშორისო საზოგადოება უკრაინა-რუსეთის ომის გამო,  საგანგებო რეჟიმში მუშაობს. NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნების დღის წესრიგი კრემლმა თავდაყირა დააყენა. ალიანსს  ოფიციალურმა ვაშინგტონმა  “მწვანე შუქი” აუნთო  უკრაინში  მოიერიშე თვითმფრინავების გასაგზავნათ. სახელმწიფო მდივანი ადასტურებს, რომ ამერიკას არაფერი აქვს საწინააღმდეგო თუ უკრაინას NATO-ს წევრი ქვეყნები საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. ენტონი ბლინკენი კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე აქტიური კონსულტაციები პოლონეთთან მიმდინარეობს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, განიხილება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაც. მათ შორის განხილვის თემაა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა.

ამერიკული ავიამზიდი “ჰარი ტრუმენი“ ეგეოსის ზღვაში განთავსდა.  ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც წყარო განმარტავს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიამზიდი ეგეოსის ზღვაში შევიდა  იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაციაში მყისიერი ჩართულობა უზრუნველყოს, იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება გამწვავდება და საფრთხე NATO-ს წევრ ქვეყნებს დაემუქრება.

პარალელურად, მსოფლიო ლიდერები ვლადიმერ პუტინთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. მოუწოდებენ, დასრულდეს რუსეთის თავდასხმა და პუტინმა უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება. საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი ორ საათს გაგრძელდა. ემანუელ მაკრონმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მოთხოვნა წარუდგინა. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ რუსეთი თავის მიზანს “მოლაპარაკებების ან ომის გზით” მიაღწევს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება კრემლის განცხადებაც. განცხადებაში წერია, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინაში ატომური სადგურის თავდასხმაზე უკრაინა დაადანაშაულა. მან მაკრონს უთხრა, რომ აღნიშნული “უკრაინელი რადიკალების” მიერ დაგეგმილი “პროვოკაცია” იყო.

გაერთიანებული სამეფო უკრაინას 100 მილიონი დოლარით დაეხმარება. თანხას დიდი ბრიტანეთი მსოფლიო ბანკის საშუალებით გამოყოფს. მიზანი რუსეთის შეჭრით გამოწვეული ფინანსური ზეწოლის შემსუბუქებაა. ყოველდღიურად იმატებს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთს სანქციებს უწესებენ. ახალმა ზელანდიამ სანქციების ახალი სია გამოაქვეყნა,  რომელიც კონკრეტულ პირებს, სერვისებს, კომპანიებსა და აქტივებს მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ახალი სანქციებით,  100 რუსი ოლიგარქისთვისმოგზაურობა შეიზღუდება. რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების წყვეტს სამხრეთ კორეა. მანამდე სამხრეთ კორეამ ფინანსური ტრანზაქციების შვიდ მსხვილ რუსულ ბანკთან აკრძალა და რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემაში დაბლოკა.

“პუტინი უნდა დამარცხდეს“ – დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს სხვა ლიდერებს მოუწოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ 6-პუნქტიან გეგმას შეერთებოდნენ. ბორის ჯონსონის ექვსპუნქტიანი გეგმის მიხედვით, მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიცია უნდა შექმნან, ასევე, უნდა დაეხმარონ უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში და უნდა გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე. ამავე დროს, ჯონსონის აზრით, კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა ღია უნდა დარჩეს და მასში უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება სრულად უნდა იყოს ჩართული. ჯონსონის გეგმაში საუბარია NATO-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეც.

ამ ფონზე, რუსეთის ფედერაციამ არამეგობრული ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც საქართველო არ არის. პუტინისთვის „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა, ავსტრალია, შვეიცარია, ახალი ზელანდია, იაპონია და სხვა ქვეყნები. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აწერს ხელს. სიაში შედიან სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“. გარდა ამისა, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ჩინოვნიკებისთვის უკანონო შემოსავლების კონფისკაციის შესაძლებლობას იძლევა. ბრძანების მიხედვით, პროკურატურა საჯარო მოხელეებისა და მათ ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს შეამოწმებს და თუ აღმოჩნდება, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ანგარიშებზე ჩარიცხვები მათ შემოსავლებს 10 000 რუბლით აღემატება,საქმე სასამართლოში აღიძვრება, თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ კონფისკაციისთვის.

რუსეთის იზოლაცია სულ  უფრო მასშტაბური ხდება. მსოფლიო უკვე ერთი კვირაა პუტინის რეჟიმს უტევს. ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც ოკუპანტ რუსეთს შეზღუდვებს უწესებს. ათობით კომპანიამ და სავაჭრო ორგანიზაციამ რუსული ბაზარი დატოვა. Mastercard, VISA, American Express-ი, ავიაკომპანიები, IT გიგანტები, მსხვილი ავტომწარმოებლები რუსეთიდან გადიან და კრემლს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე უარს ეუბნებიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს ურჩევს, თან იქონიონ ნაღდი ფული ან ე.წ. მირის ბარათი, რომელიც სულ რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს: თურქეთი, ვიეტნამი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ჩამონათვალშია სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი.

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგი სულ უფრო ნათელი ხდება. რუსეთის საფონდო ბირჟა მთელი კვირაა, არ გახსნილა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიერ სავალუტო ბირჟებზე უცხოური ვალუტის შესყიდვებზე 30%-იანი საკომისიო დააწესა. გადაწყვეტილება რუსეთში რუბლის სწრაფი გაუფასურებითა და უცხოური ვალუტის ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუბლის ვარდნის საპასუხოდ, საპროცენტო განაკვეთები 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების შედეგად რუსული რუბლი სწრაფად და რეკორდულად უფასურდება.

იზრდება ლტოლვილთა რაოდენობა. უკრაინიდან ყოველდღიურად 1000-ობით ადამიანი მიდის. ომის დაწყებიდან უკვე 11 დღე გავიდა, ამ პერიოდის განმავლობაში ისევ არ წყდება რიგები საზღვრებთან და მატარებლის სადგურებთან. მხოლოდ რუმინეთის საზღვარი 64 ათასამდე მშვიდობიანმა მოქალაქემ გადალახა. გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინა იძულებით 1 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. UNICEF-ის ცნობით კი იძულებით გადაადგილებულთა შორის დაახლოებით ნახევარი მილიონი ბავშვია. ამ დროისთვის, პოლონეთმა 756 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო, უნგრეთმა 157 000 ადამიანი. დანარჩენები კი ძირითადად მოლდოვას, რუმინეთსა და სლოვაკეთს აფარებენ თავს. უახლოეს თვეებში უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში 4 მილიონი ადამიანის გასვლას ელოდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები