რუსული არმია მიზანში ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს იღებს – რუსეთის ომი უკრაინაში – მერვე დღე | 03.03.2022

ათობით დაღუპული და დაშავებული ადამიანი ბოლო 24 საათში. რუსული არმია მიზანში ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს იღებს. ცოტა ხნის წინ ძლიერი აფეთქებები იყო ჩერნიგოვში. ოკუპანტებმა ჭურვები საცხოვრებელ სახლებს ესროლეს. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახევბ ინფორმაცია ზუსტდება. გადარჩენილები დაბომბილი ტერიტორიიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ჩერნიგოვში რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა სკოლებიც. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია ათამდე გარდაცვლილის შესახებ.

რუსული ჭურვი მოხვდა ჩერნიგოვში ნავთობბაზას. შედეგად 3000 კუბური მეტრი ტევადობის დიზელის საწვავით სავსე რეზერვუარები დაიწვა. გარდაცვლილების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეხანძრეები ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ინტენსიური თავდასხმების მიუხედავად ჩერნიგოვის მერი ამბობს, რომ ქალაქი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება და ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება ქალაქები. ქვეყნის მასშტაბით ისევ განგაშის სიგნალი ისმის. ოკუპანტების მთავარი სამიზნე დღესაც ქალაქი ხარკოვია. სარაკეტო იერიშები ძირითადად დასახლებულ პუნქტებზე ხორციელდება.

ქალაქში განადგურებულია სახელმწიფო შენობები, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი კორპუსის დაბომბვას მამა და მისი ერთი დღის დაბადებული შვილი ემსხვერპლა. ხარკოვში დაბომბვების დროს დაიღუპა ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრი, მარინა ფენინა. ეუთოს ინფორმაციით ის ოჯახისთვის საკვების მარაგის მიწოდებას ცდილობდა.

გუშინ ღამით რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს ხარკოვის სკოლებზეც.

ხარკოვში დაბომბვის შედეგად ერთ-ერთი უძველესი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაზიანდა. თავდასხმის დროს ტაძარში ადამიანები იმალებოდნენ. ხარკოვის ეპარქიის ინფორმაციით მსხვერპლი არ არის. ყირიმის და სიმფეროპოლის მიტროპოლიტი კლიმენტი რუს დედებს მიმართავს და მოუწოდებს მათ რომ შვილები უკრაინაში საბრძოლველად არ გამოუშვან.

კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები მთელი ღამის განმავლობაში სარაკეტო დარტმების ქვეშ იყო. დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების მხა ისმოდა. დაიბომბა ქალაქი იზიუმიც. საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმას მსხვერპლიც მოჰყვა. ტავდასხმის შედეგად 8 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. ქალაქის ცენტრი კი სრულად დაინგრა. 5 ადამიანი დაშავდა სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ სუმშიც.

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფრომაციით ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა 9000 სამხედრო, 217 ტანკი, 900 ჯავშანტექნიკა, 11 საჰაერო თავდაცვის სისტემა და 31 ვერტმფრენი დაკარგა. რუსულ არმიას საწვავის და საკვების პრობლემებიც აქვს, რის გამოც პენტაგონის ინფორმაციით კიევთან ახლოს მყოფ 64 კილომეტრიან რუსულ კოლონას, ბოლო 36 საათის განმავლობაში პროგრესი არ ჰქონია.

გაეროს მონაცემებით ომის დაწყებიდან ერთ კვირაში უკვე მილიონი უკრაინელი გახდა ლტოლვილი. ქვეყანაში დარჩენილები კი თავს მეტროებს და თავშესაფრებს აფარებენ. უკრაინელები ომის დასრულებას და ქვეყანაში მშვიდობის დაბრუნებას ელოდებიან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები