აშშ-მ მოკავშირეებთან ერთად, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა | 03.03.2022

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი გააფართოვა. თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები უწესდება თავდაცვის 22 უწყებას, რომლებიც საბრძოლო თვითმფრინავებს, ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს, რაკეტებსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს ამზადებენ რუსეთის სამხედროებისთვის. სანქციები წესდება ექსპორტის კონტროლზე, რომელიც ნავთობის გადამამუშავებაზეა მიმართული და რუსეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის წყაროს წარმოადგენს.

141 5-ის წინააღმდეგ – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციას სახელწოდებით, „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ მხარი დაუჭირა. დიპლომატებმა დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და რუსეთისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ მისცეს.

რეზოლუცია 426 ხმით დაამტკიცა შეერთებული შტატების კონგრესმაც. მას 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა, სამივე რესპუბლიკური პარტიიდან. 17-პუნქტიანი რეზოლუცია ნომრით 956, ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანას. ხაზგასმულია, რომ ყირიმი და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიები სუვერენული უკრაინის ნაწილია.

“რაც ახლა უკრაინაში ხდება ეს არის პრეზიდენტ პუტინის ომი, ეს არ არის რუსი ხალხის ომი” – ასე მიმართავს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუს ხალხს. ენტონი ბლინკენის თქმით, რუს ხალხთან ერთად, პუტინის აგრესიას შეიარაღებული ძალების წევრებიც ეწინააღმდეგებიან, რის გამოც, მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამხედროებს ოჯახებში დაბრუნების უფლება უნდა მისცეს.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთმა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებიდან დაბლოკა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროპაგანდისტული მედია, ასევე, ოლიგარქები. რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის პარაოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალათ – ამის შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო. სანქციები ორივე ქვეყნიდან 83 სპორტსმენს შეეხება. .

დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგი სულ უფრო ნათელი ხდება. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიერ სავალუტო ბირჟებზე უცხოური ვალუტის შესყიდვებზე 30%-იანი საკომისიო დააწესა. გადაწყვეტილება რუსეთში რუბლის სწრაფი გაუფასურებითა და უცხოური ვალუტის ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების შედეგად რუსული რუბლი სწრაფად და რეკორდულად უფასურდება.

პარალელურად, უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია. გაეროს განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 1 კვირაზე ნაკლებ დროში, ქვეყნის მოსახლეობის 2%-ზე მეტი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი და ქვეყანა დაეტოვებინა. ყველაზე მასობრივი ევაკუაცია ხარკოვიდან მოხდა, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარები უტევენ და ბომბავენ. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადავიდა მოსაზღვრე პოლონეთში, ნაწილი რუმინეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. გაერო აცხადებს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ბომბებს გაურბოდა და მატარებელში ასვლას ცდილობდა, მაგრამ ბევრმა მათგანმა არც იცოდა, საით წავიდოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები