რუსეთის ომი უკრაინაში – დღე მეშვიდე. “თქვენ უძლეველობის სიმბოლო ხართ”- ზელენსკის მიმართვა ხალხს | 02.03.2022

20000-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, ასობით გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცი, განადგურებული სახლები, საავადმყოფოები, სკოლები  და სამთავრობო შენობები – ასეთია ომის მეშვიდე დღეს უკრაინაში არსებული ვითარება.

მძიმე ღამის შემდეგ რთული დილა გაუთენდა ქალაქ ხარკოვს. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი რუსული არმიის მიერ ისევ ინტენსიურად იბომბება. დღეს დილით ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის სამიზნე პოლიციის შენობა და უნივერსიტეტი გახდა. არიან დაშავებულები. მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. აფეთქების შედეგად ორივე შენობა განადგურებულია. დღეს დილიდან ხაარკოვიდან უცხოელი სტუდენტების გაყვანა დაიწყეს.

ქალაქი ხარკოვი რუსი ოკუპანტების მიერ ღამის განმავლობაშიც რამდენჯერმე დაიბომბა. საჰაერო იერიშები განხორციელდა საფრენოსნო სკოლის ყაზარმებსა და სამხედრო ჰოსპიტალზე. ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ სახლებსაც. გასული 24 საათის განმავლობაში ხარკოვის ოლქში აფეთქებების შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, 112 კი დაშავდა. ნაომარი ქალაქიდან სოციალურ ქსელებში მძიმე კადრები ვრცელდება.

“დღეს თქვენ უძლეველობის სიმბოლო ხართ” – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამაღელვებელ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ის უკრაინის გამარჯვებაში და მშვიდობის დაბრუნებაში დარწმუნებულია.

“მეშვიდე დღეა იმ საშინელი ომის, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში. რა არის შედეგი რუსეთისთვის?  ამ სახელმწიფოს დროშა სპორტულ ტურნირებზე აღარ იქნება.  თანამედროვე მსოფლიო კულტურა მათთვის დაიხურება.  რუსული საქონელი მთელ მსოფლიოში მაღაზიების თაროებიდან ამოღებულია.  რუსული ბანკები გათიშულია გლობალურ სისტემასთან. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს, კარგავენ ყველა პერსპექტივას.  რუსი დედები შვილებს კარგავენ მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში.  იფიქრეთ ამ რიცხვზე: დაახლოებით ექვსი ათასი დაღუპული რუსი. ექვსდღიანი ომის შემდეგ. და ეს წუხანდელი მსხვერპლის გარეშე. და რისთვის, რაღაცის მისაღებად? მიიღეთ უკრაინა?  ეს შეუძლებელია.  ამის შეცვლა რაკეტებით, ტანკებით, ბომბებით შეუძლებელია. ჩვენ ჩვენს მშობლიურ მიწაზე ვართ.  და ჩვენ წინააღმდეგ ომისთვის იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. უკრაინელებო! ჩვენ წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი ღამე გავიდა.  ვიღაცამ ის ღამე მეტროში გაატარათავშესაფარში.  ვიღაც სარდაფშია.  ვისაც უფრო გაუმართლა სახლში ეძინა. შვიდი ღამეა არ გვძინავს.  ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა კარგად გამოვიძინებთ.  მაგრამ ეს იქნება ომის შემდეგ.  გამარჯვების შემდეგ.  იმ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ გვჭირდება. რომელსაც  ჩვენ ყოველთვის ვაფასებდით და რომლის მშვიდობა ჩვენ არასდროს დაგვირღვევია. აღფრთოვანებული ვარ თქვენით! მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ.  ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან პოლიტიკოსებამდე.  დღეს თქვენ, უკრაინელები, უძლეველობის სიმბოლო ხართ.  დიდება უკრაინას,” – ვოლოდიმირ ზელენსკი.

დილიდან ოკუპანტების მიერ იბომბება  ოდესა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, როგორ ხორციელდება საჰაერო დარტყმები ქალაქზე. რუსებმა საცხოვრებელ სახლებზე იერიში მიიტანეს ქალაქ ბოროდიანკაში, რომელიც კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. დასახლებული პუნქტები დაიბომბა ირპენშიც. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ იინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. ოკუპანტების მთავარი სამიზნეა სკოლები და საავადმყოფოები. ამ დილით რუსულმა არმიამ დაბომბა მარიუპოლისის სკოლა, ასევე ვასილიევკის საავადმყოფო.  საჰაერო თავდასხმა იყო ქალაქ ჟიტომირში მდებარე სამხედრო ბაზაზე, ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსსაც გაუჩნდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საავადმყოფოც. დაიღუპა 4 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.

“ომის დაწყებიდან პირველად, უკრაინა შეტევაზე გადადის” – განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა და ითქვა, რომ თუ აქამდე უკრაინის ჯარი თავდაცვის რეჟიმში იყო, ახლა გადამწყვეტ კონტრშეტევაზე გადადის. უკრაინა ქალაქ ხერსონის დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ქალაქისთვის ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს. მანამდე რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ხერსონი  ოკუპანტებმა დაიკავეს, სოციალურ ქსელში რუსი ჯარისკაცების გადაადგილების კადრებიც გავრცელდა, თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქალაქს ისინი აკონტროლებენ.

უკრაინის ტერიტორიაზე  გრძელდება ტყვეების აყვანის ოპერაციაც. სოციალურ ქსელებში დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ვიდეოები ვრცელდება. ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტები ამბობენ, რომ ისინი წვრთნებისთვის მოდიოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. დატყვევებულები ოჯახის წევრებს უყვებიან, რომ რუსეთის მხარეს მსხვერპლი დიდია, მათი ქვეყანა კი  გარდაცვლილი ჯარისკაცების ცხედრებს სამშობლოში არ აბრუნებს და უკრაინის ტერიტორიაზე ტოვებს.

რუსეთი არ აღიარებს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომში უპრეცენდენტო დანაკარგები აქვს. 2 მარტის მდგომარეობით დაღუპულია 6000-მდე რუსი ჯარისკაცი, 200-ზე მეტი  სამხედრო კი ტყვედაა ჩავარდნილი. რუსულმა ძალებმა დაკარგეს 30 თვითმფრინავი,  31 ვერტმფრენი, 211 ტანკი, 862 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 85 საარტილერიო სისტემა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები