ომის მეექვსე დღეს უკრაინაში ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა | 01.03.2022

ომის მეექვსე დღეს უკრაინაში ვითარება ისევ უკიდურესად მძიმეა. ქალაქები ამ დრომდე ინტენსიურად იბომბება. თითქმის განადგურებულია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი ხარკოვი. დღეს დილით ქალაქის მთავარ მოედანზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. აფეთქებამ გაანადგურა სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის  შენობა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.  ერთ-ერთ ავტომობილში ერთი ოჯახი 3 მცირეწლოვან შვილტან ერთად დაიწვა.

ხარკოვში განხორციელებულ დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულად აფასებს. მისი თქმით ხარკოვში კასეტური ბომბების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რასაც ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი.

ოკუპანტების მიერ დაიბომბა ქალაქი ვასილკოვი. რუსებმა სარაკეტო იერიში საცხოვრებელ სახლზე მიიტანეს, მათი ძირითადი სამიზნე სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობაა. აფეთქების შედეგად  5 სართულიანი შენობა მთლიანად ჩამონგრეულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა.მოსახლეობა დაშავებულების ამოყვანას დილიდან ცდილობდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს დილიდან ისევ განგაშის სიგნალი ისმის. უკრაინაში თითქმის ყველა ქალაქი იბომბება. რუსულმა ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში უკრაინულ სამხედრო ნაწილს, დაღუპულია 70 მებრძოლი. ქალაქის მერის ინფორმაციით ახტირკაში ოკუპანტებმა ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმური ბომბები ჩამოაგდეს. რუსულმა ჯარებმა შეტევა განაახლეს ქალაქ ხერსონზეც.  ქალაქი რუსული ჯარით არის გარშემორტყმული. ადგილობრივები ავრცელებენ ვიდეოს როგორ გადაადგილდებიან ჯარისკაცები ხერსონის ქუჩებში.  რთული ვითარებაა ჩერნიგოვშიც, სადაც მორიგ შეტევას ელოდებიან. ქალაქის მერმა ყოველ განადგურებულ რუსულ ტექნიკასა და მოკლულ ოკუპანტზე ფულადი ჯილდო დააწესა.

უკრაინის ტერიტორიაზე აქტიურად გრძელდება ტყვეების აყვანის ოპერაციაც. სოციალურ ქსელებში დატყვევებული რუსი ჯარისკაცების ვიდეოებიც აქტიურად ვრცელდება. ტყვედ ჩავარდნილი ოკუპანტები ამბობენ, რომ ისინი წვრთნებისთვის მოდიოდნენ და არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უკრაინის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ. უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ვაგნერის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, რომელსაც ვლადიმერ პუტინის დავალებით ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მთავრობის ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა. გავრცელებული ინფორმაციით კრემლის დავალებით კიევში 400-მდე დაქირავებული მკვლელი გაემგზავრა. დაქირავებული მკვლელი ამბობს, რომ ის კიევში სირიიდან ჩამოვიდა.

მოსკოვი არ აღიარებს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთს უპრეცენდენტო დანაკარგები აქვს. 1 მარტის მდგომარეობით დაღუპულია 5710 რუსი ჯარისკაცი, 200 სამხედრო კი ტყვედაა ჩავარდნილი. რუსულმა ძალებმა დაკარგეს 29 თვითმფრინავი,  29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 77 საარტილერიო სისტემა და სხვა სამხედრო ტექნიკა. დღეს სოციალურ ქსელში ათობით მიტოვებული ტანკის კადრები გავრცელდა. უკრაინულმა ძალებმა კიევთან ახლოს  დღეს კიდევ ორი რუსული ვერტმფრენი გაანადგურეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები