საგანგებო მდგომარეობა უკრაინაში და საერთაშორისო სანქციები რუსეთს | 23.02.2022

რუსეთი უკრაინაში შეჭრისვის ემზადება, ოფიციალურმა კიევმა კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება უკრაინის უსაფრთხოების საბჭომ მიიღო. საგანგებო მდგომარეობა ომის ზღვარზე მყოფი  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა,  დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების გარდა. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში შექმნილ ვიტარებასთან დაკავშირებით რეზერვისტთა მობილიზაციაც გამოაცხადა.  საგარეო საქმეთა სამინისრომ კი რუსეთში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა.

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ძალების მობილიზება დაიწყო.  სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ როგორ გადაადგილდება რუსული არმია დონბასის დასახლებული პუნქტისკენ. პარალელურად საოკუპაციო ძალები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დაბომბვებს აგრძელებენ, მათ შორის დასახლებული პუნქტების. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დონეცკსა და ლუგანსკში საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეყვეტის რეჟიმი 96-ჯერ დაარღვიეს. შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 6 უკრაინელი სამხედრო.

რუსეთის ქმედებებისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შემდეგ დასავლეთმა საპასუხო ზომები მიიღო.  სანქციების პირველი პაკეტი უკვე გამოაცხადა შეერთებულმა შტატებმა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით შეზღუდვები შეეხო რუსეთის ორ უდიდეს ბანკს, სუვერენულ ვალს და რუსეთის ელიტის წევრებს. ბაიდენის თქმით, სანქციების შედეგად რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა აიღოს სესხი, ასევე შეწყდება კავშირი დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში მზად არიან დამატებითი სანქციებისთვისაც. 

“აღარ იქნება შოპინგი მილანში, გართობა სენტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში” –  სწორედ ასე პასუხობს ევროპა რუსეთის აგრესიას. ამერიკის მსგავსად სანქციების პაკეტზე უკვე შეთანხმდა ევროკავშირი. შავ სიაში, რომელიც ევროპულმა ქვეყნებმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით შეადგინეს, შედიან ბანკები და ორგანიზაციები რომლებიც დონბასში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. სანქციები დაუწესდათ თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს და რუს პოლიტიკოსებს, მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატს. შეიზღუდა რუსეთის წვდომა ევროკავშირის ფინანსურ და კაპიტალის ბაზარზეც. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ეს  სანქციების პირველი პაკეტია და მას ესკალაციის შემტხვევაში დამატებითი ნაბიჯები მოჰყვება.

რუსეთი შავ სიაში შეიყვანეს კანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამაც. მანამდე კი მოსკოვს სანქციები დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ დაუწესა. კანადის პრემიერის გადაწყვეტილებით შავ სიაში მოხვდნენ რუსი პარლამენტარები, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირეს, კანადელებს ეკრძალებათ რუსული ობლიგაციების შესყიდვა და ფინანსური ურთიერთობა რუსეთის მიერ აღიარებულ რეგიონებთან. იაპონიამ კი ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება აკრძალა, ზოგიერთ ინდივიდს კი ანგარიშები გაუყინა. სანქციები მათ ვიზებსაც შეეხო და ისინი იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ. ავსტრალიის სანქცირებულთა სიაში კი რუსეთის უშიშროების საბჭოს 8 მაღალჩინოსანი მოხვდა. მათ ფინანსური სანქციები დაუწესდათ და ქვეყანაში მოგზაურობა აეკრძალათ. მკაცრი ეკონომიკური ზომები შეეხო უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებსაც.

რუსეთი კი აცხადებს, რომ დასავლეთის სანქციების არ ეშინია. მეტიც რუსეთის ფედერაციის საბჭომ ვლადიმერ პუტინს უკვე მისცა თანხმობა, გამოიყენოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. დადგენილება საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატები კი ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებში დამატებით ჯარებს და საბრძოლო ტექნიკას გზავნის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები