ხმაური 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე. ბრალდებული “ფორმულას” ჟურნალისტს დაემუქრა | 22.02.2022

ხმაური იყო 5 ივლისის სასამართლო სხდომაზე. ერთ-ერთმა ბრალდებული ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს დაემუქრა.  რატი წვერავა ერთ-ერთია იმ  ჟურნალისტებს შორის, რომელიც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ძალადობრივმა ჯგუფმა სცემეს. ჟურნალისტზე ძალადობის ამსახველი კადრები ტელეკომპანია “კავკასიამ” გადაიღო. რატი წვერავას   სასამართლოში მოწმის სახით კითხავდნენ.  სხდომაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოწმემ  თქვა  რომ 5 ივლისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მივიდა,  სადაც აქციის წარმომადგენლების უმრავლესობის განცხადებები ძალადობრივი იყო.

რატი წვერავას დაუპირისპირდა დაცვის მხარეც, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი 300 ლარით დაჯარიმდა.   მიზეზი მის მიერ სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვება გახდა. მოსამართლის განმარტებით, ადვოკატისთვის პროცესის დატოვების ნება არ მიუცია, რის გამოც, დაუმორჩილებლობისთვის დაჯარიმდა.   დარბაზი დატოვა  ბრალდებულების ნაწილმაც. დარბაზში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების გამო, გამოკითხვა გადაიდო.

2021 წლის 5 ივლისს, როცა თბილისში ლგბტ “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, ქუჩაში მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებისა და “ალტ-ინფოს” მოწოდებით რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის, სიძულვილის ჯგუფები. ამ დღეს “მარში” არ შედგა, თუმცა მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად მყოფ 50-ზე მეტ ჟურნალისტზე იძალადეს. სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი.  საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები